2022 წლის მარტში ამხანაგურ მატჩებში საქართველოს ნაკრების მეტოქეთა ვინაობა გაირკვა.
ვილი სანიოლის გუნდი 25 და 29 მარტს საერთაშორისო ამხანაგურ მატჩებს სტუმრად გამართავს. 25 მარტს საქართველოს ნაკრები ბოსნია-ჰერცეგოვინას დაუპირისპირდება, 29 მარტს საქართველო ალბანეთში ითამაშებს.
ორივე მატჩის მასპინძელი ქალაქები მოგვიანებით გახდება ცნობილი. ეს ამხანაგური შეხვედრები ერთა ლიგის მოსამზადებელი ეტაპია.
ვილი სანიოლის გუნდი უეფას ერთა ლიგის C4 ჯგუფში ივნისიდან სექტემბრის ჩათვლით, ბულგარეთს, ჩრდილოეთ მაკედონიასა და გიბრალტარს დაუპირისპირდება.
ალექსანდრე იაშვილი (სფფ-ის ვიცე პრეზიდენტი):
„მნიშვნელოვანი იყო ისეთი მეტოქეების შერჩევა, რომლებიც დაახლოებით იმ სიძლიერის იქნებოდნენ, რომლებსაც ერთა ლიგაზე შევხვდებით. ვფიქრობ, ძალიან საინტერესო იქნება ბოსნია-ჰერცეგოვინასთან თამაში. ამ გუნდის წინააღმდეგ ეროვნულ ნაკრებს არასდროს უთამაშია. მიმაჩნია, რომ ორივე ძლიერი ნაკრებია და თამაშის სტილით ახლოს არიან ბულგარეთსა და ჩრდილოეთ მაკედონიასთან. ასევე გავითვალისწინეთ ერთა ლიგის კალენდარიც, ივნისში სწორედ ბულგარეთთან და ჩრდილოეთ მაკედონიასთან გველოდება გასვლითი თამაშები. ამიტომ გადავწყვიტეთ, ეს ამხანაგური თამაშები სტუმრად გვეთამაშა. მოგეხსენებათ, გასულ წელს ნოემბერში ორივე თამაში, როგორც ოფიციალური, ისე ამხანაგური საკუთარ მოედანზე ვითამაშეთ. ამ ფაქტორების გათვალისწინებით, გადავწყვიტეთ სტუმრად ჩაგვეტარებინა ამხანაგური თამაშები, რათა უკეთ მოვემზადოთ ივნისის ოფიციალური მატჩებისთვის“.
GIPHY App Key not set. Please check settings