in ,

მარტვილში მერანი გაჭენდა

დღეს, ეროვნულ ლიგაში პლეი-ოფის მატჩები გაიმართა. მარტვილის მურთაზ ხურცილავას სახელობის სტადიონზე ადგილობრივი “მერანი” ქუთაისის “ტორპედოს” დაუპირისპირდა და საკმაოდ დამაჯერებელი გამარჯვებაც მოიპოვა.

მატჩის პირველი ნახევარი თანაბარ ორთაბრძოლაში წარიმართა. ქუთაისელები ბურთს მეტად აკონტროლებდნენ, მაგრამ მომენტებს ვერ ქმნიდნენ. ცოტნე მონიავას ფეხბურთელები მეორე ნომრად თამაშზე აკეთებდნენ აქცენტს და გრძელი პასებით ცდილობდნენ შეიკნე სილას დასარტყმელ პოზიციაზე გაყვანას.  ეს გამოუვიდათ კიდეც. მატჩის მე-13 წუთზე მარტვილელთა კაპიტანმა კიჭი მელიავამ სილას იდეალური პასი გაუკეთა, რომელიც მალელმა თავდამსხმელმა კარგად მიიღო და მახვილი კუთხიდან უზუსტესი დარტყმით გაუტანა ლევან შოვნაძეს.

გოლის შემდეგ სათამაშო სცენარი არ შეცვლილა.  “ტორპედო” ცდილობდა, მაგრამ არაფერი გამოდიოდა. ის კი არა ქუთაისელ მცველებს შეიკნე სილა გაეპარათ და მასპინძლები პენალტის დანიშვნასაც ითხოვდნენ, მაგრამ არსენ ნონიკაშვილმა ასე არ ჩათვალა.

“ტორპედოს” პირველი საგოლე მომენტი 27-ე წუთზე ჰქონდა. საჯარიმოს მისადგომებიდან თორნიკე ახვლედიანი ურტყამდა კარში, მაგრამ გიორგი ბეგაშვილმა საოცარი ბურთი აიღო და თავისი გუნდი აშკარა გოლისგან იხსნა. მალევე, “მერანმა” მეორეც გაიტანა. “ტორპედოს” მეკარე ლევან შოვნაძემ საჯარიმოში შეიკნე სილა წააქცია და პენალტი დაინიშნა. პენალტის ნიშნულთან მარტვილელთა კაპიტანი კიჭი მელიავა მივიდა, რომლის დარტყმულიც შოვნაძემ მოიგერია, მაგრამ მელიავამ დამატებაზე იყოჩაღა და თავისი გუნდი ორბურთიანი უპირატესობით გაიყვანა წინ.

მეორე ნახევარში, ანგარიშიდან გამომდინარე, “ტორპედოს” ჰქონდა შესატევი, მაგრამ ქუთაისელები ამას ვერ აკეთებდნენ. გია ცეცაძემაც ისეთი ცვლილებები განახორციელა, რომ  თითქოს, უფრო მეტის არ გაშვებაზე გააკეთა აქცენტი, ვიდრე გატანაზე. მეორე ტაიმში გატანის ყველაზე რეალური შანსი “მერანის” მეოცე ნომერ დათა წულაიას ჰქონდა, რომლის დარტყმულის შემდეგაც “ტორპედო” ძელმა იხსნა.

საბოლოოდ, 2:0 მარტვილის “მერანის” სასარგებლოდ და ცოტნე მონიავას გუნდი  განმეორებით მატჩზე ქუთაისში სოლიდური უპირატესობით მიდის.

პლეი-ოფის მეორე შეხვედრა გაიმართა ქობულეთში “ჩელე არენაზე”, სადაც ქობულეთის “შუქურა” და “გაგრა” უგოლოდ დაშორდნენ ერთმანეთს – 0:0.

განმეორებითი მატჩები 12 დეკემბერს გაიმართება.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

კვიპროსულ მედიაში კაჭარავას დინამოში შესაძლო ტრანსფერს ეხმაურებიან

ATP CUP-ზე საქართველოს ნაკრების განრიგი ცნობილია