საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი და ლიდერი მანუჩარ მარკოიშვილი ფრანგულ “მონაკოში” მთავარი მწვრთნელის ასისტენტად იმუშავებს. 34 წლის მარკოიშვილი ბოლოს საქართველოს სუპერლიგაში მუშაობდა, სადაც “ტიტების” მთავარი მწვრთნელი იყო და ამავდროულად, საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის, ილიას ზუროსის ასისტენტი გახლდათ.
“მონაკომ” შარშანდელ სეზონში ევროქაფის ფინალში რუსულ “უნიქსს” აჯობა და პირველი საერთაშორისო ტიტული მოიპოვა. ფრანგული გუნდის მთავარი მწვრთნელი მონტენეგროელი ზვეზდან მიტროვიჩია, რომელიც “მონაკოში” 2020 წლის დასაწყისში მივიდა.
“კარიერის დასრულების შემდეგ ყოველთვის მინდოდა კალათბურთში დარჩენა. მწვრთნელობის იდეა ერთ ღამეში არ მომსვლია, ამაზე დიდხანს ვფიქრობდი. მიყვარს ეს თამაში და ამით ვცხოვრობ. საქართველოს ნაკრებში ილიას ზუროსის ასისტენტი ვიყავი, მისგან ბევრი რამ ვისწავლე. მონაკოში მოსვლა ჩემთვის უნიკალური შანსია. მთავარ მწვრთნელთან კარგი ურთიერთობა მაქვს, სეზონისწინა პერიოდი გუნდთან ერთად გავატარე და უკვე ბევრი ადამიანი გავიცანი”, – განაცხადა მარკოიშვილმა.
GIPHY App Key not set. Please check settings