„ვალენსიამ“ „ტროფეო ტარონია“ მოიგო. გიორგი მამარდაშვილის გუნდმა საშინაო “მესტალიაზე” ბერგამოს „ატალანტა“ 2:1 დაამარცხა და ახალ სეზონს პირველი ჯილდოთი და კარგ ხასიათზე ხვდება. წინა მატჩისგან განსხვავებით, გიორგი ძირითადში იყო და ბოლომდე ითამაშა.
„ვალენსია“ უპირატესობას ფლობდა და პირველი ტაიმი უგო დუროს გოლით მოიგო. მეორე ტაიმში, 52-ე წუთზე იტალიელებმა გაათანაბრეს. საჯარიმოში შესულმა ედერსონ დოს სანტოსმა მცველი ჩამოიშორა და შორეულ კუთხეში დაარტყა – ბურთი ძელს მოხვდა და ისევ შევარდა კარში: მამარდაშვილის ნახტომი ამ ბურთის მოსაგერიებლად საკმარისი ვერ იქნებოდა ისეთი ტრაექტორიით წავიდა.
გამარჯვების გოლი კი ისევ უგო დუროს ანგარიშზეა (მე-80 წთ).
მატჩის შემდეგ ჯენარო გატუზომ თქვა: “მინდა გულშემატკივრებს მადლობა გადავუხადო. კარგია, როდესაც სტადიონზე 30 ათასი გულშემატკივარი გყავს, რადგან თუ ამ სიცხეში აქ მოდიხარ, ეს იმიტომ, რომ “ვალენსია” გიყვარს”.
„ტროფეო ტარონია“ ტრადიციული ამხანაგური ტურნირია, რომელიც 1959 წლიდან ტარდება და “ვალენსია” მასპინძლობს. თავდაპირველად გათამაშებაში რამდენიმე გუნდი მონაწილეობდა, სულ თავიდან ბრაზილიურებიც. ამ საუკუნეში კი ერთმატჩიანია. იყო წლები, როდესაც არ გათამაშებულა. ყველაზე მეტჯერ თასი “ვალენსიას” აქვს აღებული – უკვე 28-ჯერ. მეორე ადგილზე “პარმა” და მადრიდის “რეალი” არიან – 2-2-ჯერ.
“ტროფეო ტარონია” “ნარინჯისფერ ტროფეისას” უწოდებენ.
„ვალენსია“ ლა ლიგის ახალ სეზონს 14 აგვისტოს იწყებს: „ჟირონას“ უმასპინძლებს.
GIPHY App Key not set. Please check settings