in

მამარდამ ერთი პენალტი ორჯერ აიღო: ქართველი მეკარე გმირია – ვალენსიამ კი მაინც წააგო

გიორგი მამარდაშვილმა პატარა სასწაული კი მოახერხა, მაგრამ რად გინდა, მისი „ვალენსია“ არაფრად ვარგა. ტრადიციული კლუბი ნაღდად არ შეიხედება (ლა ლიგის მასშტაბით) და ჩვენ მეკარესაც მცველების გადამკიდე ხშირად უწევს ხოლმე ხელების დანანებით გაშლა.

„ვალენსიამ“ მე-4 ტურის შეხვედრა სტუმრად „ალავესთან“ 0:1 წააგო.

მატჩში პირველ 5 წუთში უფრო მეტი მოხდა, ვიდრე მერე ერთად აღებული.
მამარდაშვილს მცველმა ბურთი ცუდად დაუბრუნა და ქართველმა მეკარემ მასთან პირისპირ დარჩენილი მეტოქე წააქცია. პენალტი კიკე გარსიამ დაარტყა და მამარდამ მისგან მარცხენა კუთხეში ნახტომით მოიგერია. ეს იყო ჩვენიანის პირველი აღებული პენალტი ესპანურ კარიერაში. თამაში გაგრძელდა და უცებ მსაჯმა ჩასტვინა. მას უკარნახეს და აღმოჩნდა, რომ პენალტის დარტყმის ეპიზოდში ვალენსიელი დიეგო ლოპესი ნაადრევად შევარდა საჯარიმოში, მერე მოგერიებული ბურთიც მოიგერია და ამიტომ პენალტი თავიდან უნდა შესრულებულიყო. კიკე გარსიამ ამჯერად კუთხე შეცვალა, მაგრამ მამარდაშვილმა ესეც მოიგერია.

ამ გმირობიდან წუთებიც არ გასულა, რომ რაც მამარდაშვილს მეტოქემ ვერ დააკლო, თავისიანმა „აუნაზღაურა“. ოზკაჯარმა (ის, რომელმაც არასწორად დაუბრუნა ბურთი) საკუთარ კარში მიუჩინა ბურთს ადგილი.

მოკლედ, „ალავესი“ ვერ გატყდა და შეტევებიც განაგრძო. კიკე გარსიას თავური მამარდაშვილმა მოიგერია, ერთხელ ბურთი ძელსაც მოხვდა.
მასპინძლებს მეორე ტაიმშიც შეეძლოთ გატანა, სახიფათო მომენტებიც შექმნეს, მაგრამ მიზანში ვერ მოარტყეს, თორემ ერთ ეპიზოში 3-4 მეტრიდან ძალიან რეალური შანსი ჰქონდათ.

Flashscore.com-მა მამარდაშვილის თამაში რატომღაც მხოლოდ 5.8-ით შეაფასა, Sofascore.com (6.6) და Whoscored.com (6.5) კი უკეთესი ქულები დაუწერეს. არადა, მამარდაშვილი ოფიციალურად დასახელდა მატჩის საუკეთესო მოთამაშედ.



მეტი შექება მიიღო ჩვენმა მეკარემ პრესისგან.

Superdeporte:
„მამარდაშვილმა ორჯერ გამოიცნო კიკე გარსიას ჩანაფიქრი და ორი პენალტი აუღო. თუმცა „ვალენსიამ“ გიორგის გმირობით ვერ ისარგებლა და რამდენიმე წუთის შემდეგ მას თანაგუნდელმა გაუტანა“.

Eldesmarque:
„სუპერგმირი მამარდაშვილი! ის მატჩის გმირი გახდა, როდესაც კიკე გარსიას ზედიზედ ორი პენალტი მოიგერია. მატჩი გიჟურად დაიწყო. პირველივე წუთზე „ვალენსიას“ კარში პენალტი დაინიშნა. მამარდაშვილმა სტარტზე შეცდომა დაუშვა, მაგრამ გამოასწორა და მატჩის მთავარი გმირი გახდა“.

„ვალენსია“ 6 ქულით მე-10 ადგილზეა და სანაკრებო პაუზის შემდეგ, 17 სექტემბერს „ატლეტიკოს“ უმასპინძლებს.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

კვარაცხელია ძირითადში დაბრუნდა, ნაპოლიმ წააგო: რატომ შეცვალეს ხვიჩა და რა დაუწერეს

იმაზე მეტს მივაღწიეთ, ვიდრე ვიფიქრებდით: საქართველოსთვის შინ დაბრუნების დროა