საქართველოს ნაკრებმა დიდი ანგარიშით მოიგო, თანაც ოფიციალური შეხვედრა. შესარჩევ ეტაპებზე ასეთი შედეგით ხშირად არ ვართ განებივრებული, მაგრამ მცირე ხინჯი მაინც რჩება – კარგი იქნება თუ მოგება ისეთ მატჩებში მოვა, როდესაც ამა თუ იმ თამაშს მნიშვნელობა ექნება და მერე გამარჯვებებსაც სულ სხვა ფასი დაედება. მოგება თავისთავად კარგია და კვიპროსის დამარცხებაც პოზიტივში ჩაგვეწერება.
საქართველომ მეტოქე მეორე ტაიმში გატეხა და 4 უპასუხო გოლი გაუტანა – 4:0.
ცოტა გაგვიმართლა, როდესაც თამაშის განახლებისთანავე გავიტანეთ და ამის მერე სხვაგვარად წავიდა სცენარი, თორემ პირველი ტაიმის შემხედვარე დიდი ანგარიშით მოგება ნაღდად არ იდგა დღის წესრიგში. ვაჯობეთ სტუმრებსო ვერ ვიტყვით – არ ყოფილა არც ტემპი, არც კომპინაციური თამაში, არც სახიფათო შეტევა და შესვენებამ აშკარად გვარგო.
მატჩამდეც თქვა ვილი სანიოლმა, დილემის წინაშე ვარ, წინ ვინ დავაყენოო და ბოლოს პოკერიან მიქაუტაძეს მაინც ზივზივაძე არჩია. მარჯვენა მხარეს დაცვაში მამუჩაშვილი დააყენა, საცდელ პოლიგონზე, ანუ საყრდენ ზონაში ამჯერად კიტეიშვილი და ქოჩორაშვილი იყვნენ და გამოვიდა, რომ დავითაშვილი და ლობჟანიძე თადარიგში აღმოჩნდნენ.
პირველ ტაიმზე ბევრი არაფერია სათქმელი. მეორე ნახევარში კიტეიშვილის საჯარიმოს გარედან ზუსტი დარტყმით გასულმა სწრაფმა გოლმა ვითარება არია და ჩვენებს ხელ-ფეხი გაუხსნა: ათამაშდნენ ლაღად, უფრო სწრაფად და ხარისხიანად, წავიდა შეტევები და მოვიდა სახიფათო მომენტებიც, მით უმეტეს საკმაოდ აქტიურობდა და გოლზე დაგეშილი იყო კვარაცხელია. გამოუვიდა. ჩაკვეტაძის დიდებული პასით მეკარესთან პირისპირ დარჩა და მოახერხა ბურთის შეგორება. გოლის აღნიშვნა კი დასამახსოვრებელი გამოუვიდა: დადგა და რობინ ჰუდივით დაიწყო ისრების მხრიდან მოხსნა და მშვილდოსანივით სროლა…
უპირატესობას ისევ ჩვენ ვფლობდით და სწრაფ კონტრშეტევაზე, ლამაზად გათამაშებული ბურთი ასევე ლამაზი შორეული დარტყმით დაბალ კუთხეში ზუსტად ჩასვა შეცვლაზე შესულმა შენგელიამ.
წამატებულ დროში კი საჯარიმოს არეულობაში ბურთი სტუმარ ფეხბურთელს ხელზე მოხვდა და მსაჯმა პენალტი მოგვცა. დარტყმა მიქაუტაძეს ანდეს და მანაც აუღელვებლად მიუჩინა ბურთს ბადეში ადგილი.
საქართველო 6 ტურის შემდეგ 7 ქულით მე-4 ადგილზეა, მომდევნო შეხვედრას კი 16 ნოემბერს თბილისში შოტლანდიის წინააღმდეგ ჩაატარებს.
ევრო 2024. საკვალიფიკაციო მატჩი. A ჯგუფი
საქართველო – კვიპროსი 4:0
გოლები: 1:0 კიტეიშვილი (46), 2:0 კვარაცხელია (58. ჩაკვეტაძის პასით), 3:0 შენგელია (82. კვარაცხელიას პასით), 4:0 მიქაუტაძე (90+5-პენ)
საქართველო: მამარდაშვილი, კაშია, კვირკველია, ლოჩოშვილი, მამუჩაშვილი, ქოჩორაშვილი, კიტეიშვილი (85. კვეკვესკირი), აზაროვი (71. დავითაშვილი), კვარაცხელია (85. მექვაბიშვილი), ჩაკვეტაძე (71. შენგელია), ზივზივაძე (59. მიქაუტაძე)
სათადარიგოები: ლორია, გუგეშაშვილი, კალანდაძე, ლობჟანიძე, გელაშვილი, ალთუნაშვილი, ვოლკოვი
მწვრთნელი: ვილი სანიოლი
კვიპროსი: მოლი, ანდრეუ (46. ანტონიუ), კარო, გოგიჩი, კიპრიანუ, ნ. იოანუ (87. ა. კორეია), კირიაკუ (62. ხარალამპუსი), კუსულოსი, სპოლიარიჩი, კასტანოსი (70. ლოიზუ), ხრისტოფი (70. კაკულისი)
მწვრთნელი: თემურ ქეცბაია
გაფრთხილება: ხრისტოფი (29), ჩაკვეტაძე (45), კარო (48)
GIPHY App Key not set. Please check settings