საქართველოს ნაკრების მოქმედმა კაპიტანმა ჯაბა კანკავამ სანაკრებო კარიერის დასრულების შესახებ დღეს ოფიციალურად განაცხადა. 35 წლის ფეხბურთელმა საქართველოს ნაკრების 100 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და ქართული ფეხბურთის ისტორიაში ნაკრების მაისურით ყველაზე მეტ (62) შეხვედრაში უკაპიტნა ეროვნულ გუნდს.
ჯაბა კანკავას სანაკრებო დებიუტი 2004 წლის 8 სექტემბერს, ალბანეთთან შეხვედრაში შედგა. საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში კი ბოლო ოფიციალური მატჩი 2021 წლის 10 ოქტომბერს, საბერძნეთთან ბათუმში გამართული თამაში იყო. 17-წლიანი სანაკრებო კარიერის განმავლობაში, საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში ჯაბა კანკავამ 10 გოლი გაიტანა.
ბოლომდე ბრძოლისა და თავდადების მაგალითი: კაპიტანი წავიდა
ლევან კობიაშვილი (სფფ-ის პრეზიდენტი):
“დღეს, ჯაბა კანკავამ 17-წლიანი სანაკრებო კარიერა დაასრულა. ეროვნული გუნდის კაპიტანს, ნაკრების მაისურით კიდევ არაერთი მატჩის ჩატარება შეეძლო, რაც, რა თქმა უნდა, ჩვენი სურვილიც გახლდათ, თუმცა ჯაბას გადაწყვეტილება ასეთია და ვალდებული ვართ, რომ პატივი ვცეთ.
მასთან ერთად ეროვნული გუნდის მაისურით არაერთი მატჩი მითამაშია და ძნელად მახსენდება ფეხბურთელი, რომელიც ასე სწორად მიესადაგებოდა იმ პასუხისმგებლობას, რასაც მინდორზე ეროვნული გუნდის მაისურით გასვლა ჰქვია.
ჯაბა კანკავა სამაგალითო იყო ნაკრების თითოეული წევრისთვის, განსაკუთრებით, ახალგაზრდა მოთამაშეებისთვის, რომლებსაც თავისი ქცევით და საქმისადმი დამოკიდებულებით, სანაკრებო ფეხბურთის სირთულეების დაძლევაში ეხმარებოდა.
შრომა, თავდადება და პასუხისმგებლობის გრძნობა – ამ ღირებულებების მატარებელი ჯაბა, ჩემთვის პირადად, როგორც რიგითი გულშემატკივარისთვის, ყოველთვის დარჩება იმის სიმბოლოდ, თუ როგორი უნდა იყოს საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი.
მადლობა, რომ ყველასთვის სამაგალითო იყავი: სანიოლი კანკავას ემშვიდობება
ალექსანდრე იაშვილი (სფფ-ის ვიცე-პრეეზიდენტი):
“ჯაბა კანკავას გადაწყვეტილება, ძალიან დიდი დანაკლისი იქნება საქართველოს ეროვნული ნაკრებისთვის. ის ღირსეული კაპიტანი და გამორჩეული ადამიანია. ჯაბა მაგალითია ყველასთვის, თუ რას ნიშნავს ითამაშო შენი ქვეყნის სახელით, შენი ქვეყნის დროშის ქვეშ.
რა თქმა უნდა, ვისურვებდი, რომ მას კვლავ ეთამაშა ნაკრების მაისურით და ჯერ არ მიეღო ეს გადაწყვეტილება. უდიდესი მადლობა და პატივისცემა მას, იმ თითოეული თამაშისთვის, რაც წლების განმავლობაში საქართველოს ნაკრების სახელით გამართა.
მადლობა, მას როგორც ყოფილ თანაგუნდელს და დიდ პროფესიონალს”.
GIPHY App Key not set. Please check settings