ქართველმა ლეგიონერებმა ევროპაში მორიგი მატჩები გამართეს.
სერია ა-ს მე-13 ტურში ლუკა ლოჩოშვილის „კრემონეზე“ „სალერნიტანას“ ესტუმრა. დაძაბული მატჩი 2:2 დასრულდა. ჩვენიანის გუნდმა თამაში ბოლოს გადაარჩინა, 89-ე წუთზე პენალტი ვერ გამოიყენა, მაგრამ დამატებაზე შეაგდო ჩიოფანმა და გააყაიმა. „კრემონეზე“ 6 ქულით (ყველა ფრე) მე-19 ადგილზეა.
ლოჩოშვილი ძირითად შემადგენლობაში იყო. ქართველმა ლეგიონერმა სრულად ითამაშა. Sofascore.com-მა ლოჩოშვილs 6,7 დაუწერა, ხოლო Whoscored.com-მა – 6,6.
ლუკას პასების სიზუსტე იყო 76.5 პროცენტი, მოიგო 2 საჰაერო დუელი, ყველაზე მეტჯერ (4) შეაჩერა შეტევა და, ასევე, თანაგუნდელებთან შედარებით ყველაზე მეტჯერ (67) შეეხო ბურთს. სამწუხაროდ, მეორე გოლის ეპიზოდში სწორედ მას გაექცა ლასანა კულიბალი.
საფრანგეთის ლიგა 2-ში წააგო ზურიკო დავითაშვილის „ბორდომ“. გათამაშების ლიდერი ერთ-ერთ აუტსაიდერს, „ნიმს” ესტუმრა და 0:1 დამარცხდა. დავითაშვილი ძირითად შემადგენლობაში იყო და მეორე ტაიმში შეცვალეს. „ბორდო“ 27 ქულით ისევ ლიდერია.
ხვალ „მეცი“ შინ „სენტ ეტიენს“ შეხვდება, მაგრამ მასპინძლებს მნიშვნელოვან დაპირისპირებაში გიორგი მიქაუტაძე ვერ დაეხმარება.
თასის შეხვედრაში გიორგიმ მოედანი ტრავმის გამო დატოვა, თუმცა დაზიანება სერიოზული არ არის და მიქაუტაძე მოედანს მალე დაუბრუნდება.
კვიპროსის ჩემპიონატში „ანორთოსისმა“ „ნეა სალამინას“ უმასპინძლა და 2:1 დაამარცხა. გიორგი ლორია ძირითად შემადგენლობაში იყო.
„აპოელმა“ საკუთარ მოედანზე 2:0 დაამარცხა „პარალიმნი“. მასპინძელთა შემადგენლობაში ლაშა დვალმა ითამაშა, მურთაზ დაუშვილი განაცხადში არ ყოფილა.
რაც შეეხება გიორგი ქვილითაიას, ის ტრავმირებულია.
ჩეხეთის I ლიგაში გამორჩეული თამაში ჩაატარა ვახტანგ ჭანტურიშვილმა, მაგრამ მის „ზლინს“ სტუმრად „ბოჰემიანსითან“ ქართველის გოლმა და საგოლე პასმა ვერ უშველა – 2:3.
30-ე წუთზე ჭანტურიშვილის პასით გაიხსნა ანგარიში, 6 წუთში თავად ჩვენიანმა გაიტანა, შორიდან დაარტყა. „ზლინმა“ მეორე ტაიმში წააგო, რომელიც 15 ტურის შემდეგ 12 ქულით მე-15 ადგილზეა.
GIPHY App Key not set. Please check settings