in

ლევან მაისაშვილი: წასაგებად არსად მივდივართ, ვეცდებით, მოახლოებულ მატჩებში მაქსიმუმი გავაკეთოთ

რა მოლოდინი აქვს სამხრეთ აფრიკასა და შოტლანდიასთან მატჩების წინ და რას ფიქრობს ფრენშაიზის შექმნაზე – რადიო „ფორტუნას“ კითხვებს საქართველოს მორაგბეთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ლევან მაისაშვილი პასუხობს.

ბატონო ლევან, უკვე ოფიციალურად დადასტურებულია ზაფხულის ტესტები და ცნობილია, რომ ზაფხულში მოქმედ მსოფლიო ჩემპიონს, სამხრეთ აფრიკას გასვლაზე ორჯერ დავუპირისპირდებით. ალბათ გამარჯვებაზე ვერ ვიფიქრებთ, მაგრამ რა იქნება თქვენი აზრით ამ ორ თამაშში ჩვენი მაქსიმუმი?

გამარჯვებაზე ყველა თამაშის წინ ვფიქრობთ, ვინც არ უნდა იყოს მოწინააღმდეგე. ბუნებრივია, მსოფლიო ჩემპიონებთან თამაში ჩვენთვის ძალიან დიდი პატივი და გამოწვევაა, მთავარი მიზანი კი იქნება, რომ რაც შეიძლება კარგად წარმოვადგინოთ ჩვენი როგორც შეტევა, ასევე დაცვა. ვეცდებით, რომ ყველაფერი მაქსიმალურად გავაკეთოთ საკუთარი შესაძლებლობების კარგად წარმოსაჩენად.

საქართველოს  ნაკრებში თაობათა ცვლის პროცესი მიდის და ასეთ მეტოქესთან თამაში ახალგაზრდებისთვის უდიდესი გამოცდილება იქნება, მაგრამ როგორ ფიქრობთ, როგორ გაუძლებენ ისინი საკმაოდ დიდ ფსიქოლოგიურ წნეხს?

ზუსტად ეს არის მთავარი გამოწვევა. ჩვენი მთავარი მიზანია მსოფლიოს ჩემპიონატამდე სანაკრებო მოთამაშეების რაოდენობა გაიზარდოს და მათ რაც შეიძლება დიდი გამოცდილება დააგროვონ. რაც მეტ თამაშს ითამაშებენ ახალგაზრდები ასეთ დიდ გუნდებთან, მით უკეთესი. ეს ძალიან დიდი შესაძლებლობაა, გამოცდილება ასეთი მატჩების გარეშე არ მოდის.

სამხრეთ  აფრიკის შემდეგ საქართველოში შოტლანდიას ვუმასპინძლებთ. შოტლანდიელებს ამ მატჩში მთავარი მწვრთნელი და ძირითადი შემადგენლობის 8 მოთამაშე არ ეყოლებათ და ხომ არ შეიძლება საკუთარ კედლებში, ჩვენი გულშემატკივრის თვალწინ სკოტებთან მოგებაზე ფიქრი?

ორივე გუნდი, შოტლანდიაც და სამხრეთ აფრიკაც, პირველი დონის გუნდებია, ასე რომ მე არ მგონია სწორი იყოს ასე საკითხის დაყენება, თუ რა არის ჩვენი მაქსიმუმი ან მინიმუმი. პროგნოზირებაც არ მგონია შესაძლებელი. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, უკეთესი რაგბი ვითამაშოთ, მეტად გამოვცადოთ თავი, თუ როგორ ვითამაშებთ ასეთ დიდ წნეხში. პირველი დონის გუნდებთან წნეხი მეტია და ჩვენი მიზანია ვითამაშოთ რაც შეიძლება კარგად და დავაგროვოთ გამოცდილება. თუ ყველაფერი ნორმალურად იქნა და ტრავმებმაც ხელი არ შეგვიშალა, ვეცდებით საუკეთესო თამაში ვითამაშოთ. ამ გუნდებს შორის დიდი განსხვავება არ არის, ორივე პირველი დონის გუნდია. შოტლანდიას თუ თვალს ადევნებთ, ეს გეცოდინებათ. მათ დანაკლისი კი ექნებათ, მაგრამ არანაკლები დანაკლისები გვექნება ჩვენ და თანაც მათ აქვთ რესურსი, რომ ეს მოთამაშეები ჩაანაცვლონ. ის მეორე ნომრები, ვინც იმ რვა მოთამაშის ადგილს დაიკავებს, არანაკლებ მოტივირებული და სახიფათო იქნებიან. რასაკვირველია, ეს იმას არ ნიშნავს, რომ წასაგებად მივდივართ რომელიმე თამაშზე. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ საკუთარი შესაძლებლობები მაქსიმალურად წარმოვაჩინოთ.

საქართველოს ნაკრების მორაგბეების უმრავლესობას სათამაშო პრაქტიკა აკლია. ლეგიონერებს თავიანთ კლუბებში დიდი დრო არ ეძლევათ. სათამაშო დროის ნაკლებობა ალბათ იქონიებს  გავლენას ამ თამაშებზეც და საინტერესოა რა გზას მიმართავთ, რომ ეს პრობლემა რამენაირად გამოსწორდეს?

ჩვენ წელიწადში სამი აქტივობა გვაქვს, ეს არის „რაგბი ევროპის“ ჩემპიონატი, ივლისის და ნოემბრის მატჩები. ჩვენთვის ძალიან დიდი შუალედია პირველ და მეორე აქტივობას შორის და ამ პერიოდში ყველაზე დიდი პრობლემა ისაა, რომ მოთამაშეებს ერთად თამაში არ უწევთ ან თუ უწევთ, უწევთ საშუალო გუნდებთან თამაში, კლუბებში მათი აქტივობა სულ უფრო და უფრო მცირდება. გასათვალისწინებელია შიდა ჩემპიონატის დონეც, რომელიც ვერ პასუხობს იმ გამოწვევებს, რაც ჩვენ გვაქვს. ეს პრობლემა ჯერჯერობით რჩება, თუმცა რაგბის კავშირი უკვე მუშაობს ფრენშაიზის შექმნაზე, რისი წყალობითაც ნაკრების მოთამაშეების ნახევარი მაინც შეძლებს, უფრო მეტი მატჩი ჩაატარონ ერთმანეთის მხარდამხარ და შეთამაშდნენ. ეს ამ ეტაპზე ერთ-ერთი გამოსავალია. სამწუხაროდ მხოლოდ მაღალი დონის გუნდში ყოფნა არაფერს გვაძლევს, საჭიროა უფრო დიდი სათამაშო დრო. ჩვენ თუ გავზრდით მოთამაშეების რაოდენობას, ეს კონკურენციასაც ასწევს და ხარისხზეც დადებითად იმოქმედებს.

ახლა კი ფრანჩიზაზე უნდა გკითხოთ. ამის შესახებ არაერთხელ ითქვა და დაიწერა და თქვენი აზრიც  საინტერესოა.  რას მისცემს ფრანჩიზა, იგივე ფრენშაიზი ქართულ რაგბის?

რაგბის კავშირი ამ პროექტზე მუშაობს. მოსაგვარებელია მთელი რიგი ტექნიკური და იურიდიული საკითხები, რაც გარკვეულ დროს მოითხოვს. პირველი, რაც ამასთან დაკავშირებით კეთდება არის ის, რომ მოხდეს ადგილობრივ ჩემპიონატში მოთამაშე მორაგბეების გაერთიანება ერთ გუნდში. ეს გაზრდის ნაკრების მორაგბეების რაოდენობას და დანაკლისების შემთხვევაში ჩვენ შეგვეძლება ამ მოთამაშეებიდან გამოვიძახოთ მორაგბეები ნაკრებში. საბოლოოდ, თუ იქნება სურვილი, რომ თუნდაც საფრანგეთში და რუსეთში მყოფი მოთამაშეები დაბრუნდნენ, მათ დიდი სიამოვნებით მივიღებთ. რადგან მხოლოდ კარგ გუნდში ყოფნა არაფერია, თუ საჭირო სათამაშო დროს ვერ იღებ. ნელ-ნელა მოხდება ამ გუნდში ასეთი მორაგბეების დასაქმება. გუნდს ექნება თავისი გეგმა, კონკრეტული რაოდენობის თამაშები, მომზადების კუთხით ყველაფერი გაწერილი და დაგეგმილი იქნება, რაც უკვე წინ გადადგმული ნაბიჯია. შესაბამისად, უთამაშებლობის პრობლემა უკვე ნაკლებად იქნება ნაკრების ნაწილისთვის მაინც, რაც შემადგენლობაში სიღრმეებს შექმნის. ეს ნაკრებს ძალიან წაადგება.   

ბატონო ლევან, „დიდი 10“-ის შესახებაც უნდა გკითხოთ. სამწუხაროდ, ჩვენი  შიდა ჩემპიონატი, პირდაპირ რომ ვთქვათ, მაღალი დონის არ არის. თქვენი აზრით, რა უნდა გაკეთდეს „დიდი 10-ის“ დონის ასამაღებლად?

ეს კომპლექსური საკითხია, თუმცა ვეცდები მოკლედ და კონკრეტულად გიპასუხოთ. ჩემი აზრით, პირველ რიგში „დიდ 10-ში“ გუნდების რაოდენობა უნდა შემცირდეს. ამ ეტაპზე არათუ 10 და 12, 8 გუნდიც არ არის საჭირო მოთამაშეთა იმ რაოდენობისთვის, რაც არის ეროვნულ ჩემპიონატში. არანაკლებ მნიშვნელოვანია ფინანსური მხარე. პროფესიონალიზმისთვის ის მწირი თანხები, რასაც უმაღლესი ლიგის გუნდები იღებენ, საკმარისი ნამდვილად არ არის, მით უმეტეს ქვეყანაში არსებული ინფლაციის ფონზე.

და მესამე, ამ ფინანსებს აუცილებლად უნდა მოჰყვეს რეგულაციები, რომ არასწორ მხარეს არ წავიდეს ეს ფინანსები, უნდა იყოს განსაზღვრული გარკვეული ჩარჩოები და უნდა იყოს გარკვეული მოთხოვნები „რაგბის კავშირის“ მხრიდან, რომელიც სავარაუდოდ იქნება კიდეც უმაღლესი ლიგის მთავარი დამფინანსებელი. რეგულაციები, თუ რამდენი უნდა დახარჯოს კლუბმა ამა თუ იმ აქტივობაში, იქნება ეს ფიზ-მომზადების კუთხით, სამედიცინო თუ ხელფასების კუთხით, განსჯის საგანია. თუმცა, ჩემი აზრით ეს სამი ნაბიჯი წინ წასწევს უმაღლეს ლიგას, რაც შემდეგ უკვე აუცილებლად დადებითად აისახება ნაკრებზეც. მთავარია არა რაოდენობა, არამედ ხარისხი. 

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ხვიჩა კვარაცხელია რუსეთში მეხუთეა

სერხიო რამოსის და რეალის გარეშე: ესპანეთის ნაკრების ნაკლული განაცხადი