ლონდონის „ვესტ ჰემმა“ პრაღაში კონფერენს ლიგის ფინალში 2:1 დაამარცხა „ფიორენტინა“ და 43 წლის შემდეგ ტიტულს დაეუფლა (1980 წელს ინგლისის თასი მოიგო).
სამივე გოლი მეორე ტაიმში გავიდა. საიდ ბენრაჰმამ 62-ე წუთზე პენალტით დააწინაურა „ვესტ ჰემი“, თუმცა ხუთ წუთში ჯაკომო ბონავენტურამ ანგარიში გაათანაბრა. როცა ფინალი დამატებით დროს უახლოვდებოდა, ბოლო წუთზე ლუკას პაკეტამ მეკარესთან პირისპირ გაიყვანა ჯარედ ბოუენი და მანაც თასი მოუტანა „ვესტ ჰემს“.
ინგლისურმა კლუბმა ტურნირი წაუგებლად ჩაატარა – 15 მატჩში 14 მოიგო და ერთხელ ითამაშა ფრედ.
პირველ ტაიმში ინგლისელმა გულშემატკივარმა ფლორენციული გუნდის მცველს, კრისტიანო ბირაგის, ტრიბუნიდან ჭიქა ესროლა და თავი გაუტეხა. ფეხბურთელს გასისხლიანებული თავი შეუხვიეს. მან მეტოქის ფანებს ირონიულად ტაში დაუკრა და თამაში გააგრძელა.
საინტერესოა, რომ „ვესტ ჰემს“ გამარჯვების სწამდა და საზეიმო ავტობუსი წინასწარ გაამზადა.
ხოლო მატჩის დაწყებამდე იტალიელი ტიფოზები ბარში ლონდონელ ქომაგებს თავს დაესხნენ. პოლიციამ 16 იტალიელი დააკავა.
წელს იტალიურმა კლუბებმა ევროპაში იყოჩაღეს, სამივე ევროთასის ფინალში გავიდნენ, მაგრამ ორი უკვე წააგეს, ჯერ „რომამ“, ახლა „ფიორენტინამ“. დარჩა მთავარი – ჩემპიონთა ლიგა, მაგრამ იქ „ინტერს“ უმძლავრესი „სიტი“ ელოდება და შანსი მცირეა.
კონფერენსლიგა. ფინალი
ფიორენტინა – ვესტ ჰემი 1:2
07.06. პრაღა. ფორტუნა არენა. 17 363 მაყურებელი
გოლები: 0:1 ბენრაჰმა (62-პენ), 1:1 ბონავენტურა (67. გონსალესის პასით), 1:2 ბოუენი (90. პაკეტას პასით)
ფიორენტინა: ტერაჩანო – დოდო, მილენკოვიჩი, რანიერი (84. იგორი), ბირაგი – ამრაბატი, მანდრაგორა (90+3. ბარაკი) – ბონავენტურა – გონსალესი, კუამე (62. საპონარა), იოვიჩი (46. კაბრალი)
ვესტ ჰემი: არეოლა – ცუფალი, ზუმა (61. კერერი), აგერდი, ემერსონი – სუჩეკი, რაისი – პაკეტა – ბოუენი, ბენრაჰმა (76. ფორნალსი), ანტონიო (90+4. ოგბონა)
გაფრთხილება: ბენრაჰმა (31), აგერდი (53), მანდრაგორა (66), დანკანი (67), მილენკოვიჩი (75), ამრაბატი (85), ბოუენი (90+7)
ლონდონურმა კლუბმა არსებობის ისტორიაში მეორედ გაიმარჯვა ევროტურნირებზე. პირველი იყო 1965 წელს თასების თასი.
„ფიორენტინამ“ წააგო 5-დან 4 ევროფინალი. ერთადერთი გამარჯვება ფლორენციელებმა 1960/61 წლების სეზონის თასების თასზე მოიპოვეს „რეინჯერსთან“.
დევიდ მოიესმა კარიერაში მეორე ტურნირზე გაიმარჯვა. 2013 წელს „მანჩესტერთან“ ერთად ინგლისის სუპერთასის მფლობელი გახდა.
ემერსონი პირველი ფეხბურთელია, რომელიც სამივე ევროტურნირის გამარჯვებული გახდა.
ჯეროდ ბოუენი პირველი ინგლისელია ალან სმიტის („არსენალი“, თასების თასი, 1994) შემდეგ, ვინ ევროტურნირის ფინალში გამარჯვების გოლი გაიტანა.
ბოუენი მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს.
იტალიანო: „ფიორენტინა“ თამაშობდა როგორც ნამდვილი გუნდი, მაგრამ შეცდომები დაუშვა. საეჭვო პენალტმა და გოლმა ბოლო მოგვიღეს“.
მოიესი კონფერენს ლიგის მოგება კარიერის საუკეთესო მომენტად დაასახელა: „საოცარია, რომ ტურნირი წაუგებლად გავიარეთ“.
GIPHY App Key not set. Please check settings