გიორგი მამარდაშვილის შემდეგ “ვალენსიაში” შესაძლოა კიდევ ერთი ქართველი ფეხბურთელი აღმოჩნდეს და ისიც გიორგი. ამჯერად, საუბარი საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების და საფეხბურთო კლუბ “საბურთალოს” ერთ-ერთ ლიდერ გიორგი გოჩოლეიშვილზეა.
ინფორმაციას კარლოს ბოში ავრცელებს. როგორც ბოში ტვიტერზე წერს, “ღამურები” საქართველოში გიორგი მამარდაშვილის მსგავს ნიჭიერ ფეხბურთელს ეძებენ და ეს გიორგი გოჩოლეიშვილია.
გიორგი გოჩოლეიშვილი საფეხბურთო კლუბ “საბურთალოს” აღზრდილია. 21 წლის ფეხბურთელს თბილისური კლუბის შემადგენლობაში, მიმდინარე სეზონში, 28 მატჩში 4 გოლი აქვს გატანილი. იგი, ეროვნული ლიგის მესამე წრის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.
შეგახსენებთ, “ვალენსიას” ღირსებას მეორე წელია გიორგი მამარდაშვილი იცავს.
GIPHY App Key not set. Please check settings