in

კვარაცხელია ამ სეზონში უკეთესია, ვიდრე გასულში: სტატისტიკა ყველაფერზე მეტყველებს

ზოგიერთს, შესაძლოა, გადაჭარბებულად მიაჩნია “ნაპოლის” გარემარბის, ხვიჩა კვარაცხელიას თაობაზე გამოქვეყნებული მასალების რაოდენობა, მაგრამ მისი გუშინდელი თამაში რაღაც არაორდინარული გახლდათ. ამაზე მთელი იტალიური მედია წერს და რა თქმა უნდა, ამ კვირის გამორჩეული მოვლენაა, მით უმეტეს, ჩემპიონთა ლიგაზე “რეალთან” დაპირისპირების წინ.

უგოლო 24-მატჩიანი სერიის შემდეგ “კვარამ” გაიტანა და თანაც, როგორ გაიტანა. აი, ამისთვის გვიყვარს სპორტის ნომერი პირველი სახეობა და როგორც გუნდის მწვრთნელმა რუდი გარსიამ თქვა, “კვარას” მსგავსი მოთამაშეები ბევრი არაა, რამეთუ უნიკალური და განსაკუთრებულია. თავს არ შეგაწყენთ ნეაპოლურ გამოცემებში ხვიჩას საქებარი სტატიებით, მხოლოდ
ანალიტიკურ მონაცემებს გაგაცნობთ, რამეთუ ციფრები ყველაფერზე მეტყველებს.

“კვარაზე” მხოლოდ გოლი+პასის სისტემით ვერ ვიმსჯელებთ, რადგან მისი გავლენა გასულ სეზონთან შედარებით გაიზარდა და საშუალო არითმეტიკული გამოთვლების მიხედვით, ეს ფაქტია. ის უფრო ჩართულია თამაშში, უფრო ხშირად იღებს ბურთს მეტოქის საჯარიმოში, უფრო ხშირად ურტყამს და აქტიურად აძლევს პარტნიორებს პასს დასარტყმელად. ერთი სიტყვით, როლი შეიცვალა, გაცილებით ინიციატივიანი და შეტევის გამამწვავებელი გახდა. მიზეზი ძნელი ასახსნელია, ალბათ, უფრო თვითდაჯერებულია და ლიდერის თვისებები შეიძინა. ისიც ნათელია, რომ გარსიას მწვრთნელობის პერიოდში მეტად თავისუფლად მოქმედებს, ვიდრე ლუჩანო სპალეტის დროს.

fbref-ის სტატისტიკური მონაცემებით, ამ სეზონში საშუალოდ 90 წუთში მისი მოქმედებები პროცენტულად 57.4-ს შეადგენს (გასულ სეზონში 55.3), დარტყმები 5.5-ს (3), დასარტყმელი პასები 2.1-ს (1.9), დრიბლინგის მცდელობები 6.6-ს (7.1), თამაშიდან საჯარიმოში ჩაწოდებები 2.1-ს (1.9), საჯარიმოში შეჭრები 3.7-ს (3), წინსვლისთვის გადაცემები 3.7-ს (3.3), წინსვლითი გარღვევები 7.9-ს (5) და ჩართულობა 8.2-ს (7.4).

Data’Scout-მა „უდინეზესთან“ მატჩამდე კვარაცხელიას სარგებლიანობის კოეფიციენტები გამოაქვეყნა, რომლის მიხედვით, სერია A-ში საუკეთესოა მოსალოდნელი გოლების (xG), დრიბლინგების, კარში დარტყმების, წარმატებული პასების და მოწინააღმდეგის საჯარიმოში ბურთზე შეხების რაოდენობით. მოსალოდნელი გოლების მხრივ, გასულ სეზონთან შედარებით თითქმის ორჯერ უფრო მაღალი მაჩვენებელი აქვს (0.26 – 0.45). თამაში გააუმჯობესა დაცვაში, სადაც მის ანგარიშზე 2.5-ჯერ მეტი ჩაჭრაა. იგივე ითქმის ვარდნაში ბურთის ართმევაზეც.

რაც შეეხება მიმდინარე სეზონში საგოლე მოქმედებების დაბალ შედეგიანობას, ამას მრავალი მიზეზი გააჩნია: მცველები მეტი ყურადღებით მეურვეობენ, ხშირად არ გაუმართლა, გუნდში ახალი მწვრთნელი მოვიდა, კლუბში ვითარება მთლად დალაგებული არაა და ა.შ. თუმცა “უდინეზესთან” თავი იმდენად ბრწყინვალედ წარმოაჩინა, რომ იმედია, ნავსი საბოლოოდ გატეხა, კვლავ ძველ ხვიჩას ვიხილავთ და მისი ოსტატობით კვლავ მივიღებთ სიამოვნებას.

sportall.ge

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ძალით არ გვინდოდა: ნაპოლიმ განცხადება გაავრცელა – ეს შემოქმედებითი მხარეა

მესი და რონალდო შესაძლოა ერთმანეთს ისევ დააჯახონ