სანაკრებო პაუზის შემდეგ, საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატი Crystalbet ეროვნული ლიგა მე-6 ტურის მატჩებით გახალდა.
განსაკუთრებულ ინტერესს ბათუმის “დინამოსა” და თელავის” შეხვედრა იწვევდა, რომელიც ბათუმის “აჭარაბეთ არენაზე” გაიმართა.შეხვედრა სრული ანშლაგით წარიმართა. საქართველოს ჩემპიონატის მატჩზე ამდენი გულშემატკივარი ძალიან რთული გასახსენებელია. ამას თავისი მიზეზიც ჰქონდა. აჭარელი ქომაგი ბათუმის “დინამოს” შემადგენლობაში ქართული ფეხბურთის იმედის ხვიჩა კვარაცხელიას დებიუტს ელოდა.
კვარაცხელიას ბათუმის “დინამოში” გადმოსვლის შემდეგ, ეროვნული ლიგის ჯამური ღირებულება 54 მილიონი ევრო გახდა, რაც ისტორიული მაჩვენებელია. ქართული ფეხბურთის ისტორიაში რანგით უმაღლესი დივიზიონის ფეხბურთელი პირველადაა 16 მილიონ ევროდ შეფასებული და ასევე ქართული ფეხბურთის ისტორიაში ქართული კლუბის (ბათუმის დინამო) ღირებულება 24.63 მილიონი ევრო არასდროს ყოფილა.
მატჩი ბათუმელთა დიდი უპირატესობით წარიმართა. გიგა გეგუჩაძის ფეხბურთელები ბურთს მეტად აკონტროლებდნენ და შეტევას ცდილობდნენ. კახელები კი, უფრო საკუთარი კარის უსაფრთხოებით იყვნენ დაკავებულნი. “თელავი” დაცვაში საკმაოდ კარგად იდგა, მაგრამ შეტევის ფაზაში გუნდს აშკარად მოსამატებელი აქვს.
მატჩის ერთადერთი გოლი შეხვედრის 33-ე წუთზე გავიდა. ჯოვინო ფლამარიონის წაქცევისთვის დანიშნული პენალტი ზუსტად ვლადიმერ მამუჩაშვილმა შეასრულა.
მეორე ნახევრის სტარტზე კი, “აჭარაბეთ არენაზე” შეკრებელმა გულშემატკივრებმა ნახეს, ვისი ნახვაც ასე სურდათ. გიორგი ფანცულაიას ნაცვლად მოედანზე ხვიჩა კვარაცხელია გამოვიდა, რომელმაც სრული მეორე ტაიმი ითამაშა.
ხვიჩა დღეს ისეთი აქტიური არ ყოფილა, როგორც მას ჩვევია ხოლმე. ერთ ეპიზოდში მის დარტყმულს ანტონ თოლორდავა გადაეღობა. მეორე ეპიზოდში კი, მისი დარტყმა თელაველთა მეკარე ლუკა სანიკიძემ პირდაპირ ხელებში დააფიქსირა.
იყო ეპიზოდი, როდესაც კვარაცხელიას დრიბლინგის შემდეგ, ქართველი ტალანტი გიორგი ქანთარიამ ჯარიმის ხარჯზე შეაჩერა და მათ შორის პატარა კონფლიქტიც იყო მაგრამ სიტუაცია მალევე განიმუხტა.
საბოლოოდ 1:0 და ბათუმის “დინამომ” მორიგი შეხვედრა მოიგო.
საინტერესო და სკანდალური შეხვედრა ვიხილეთ ქუთაისის რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე. “წყალტუბომ” ქუთაისი ვერ დაამშვენა”, პირიქით. “ტორპედომ” “სამგურალს” უმასპინძლა და მეოთხე შეხვედრიდან მესამე წააგო. “სამგურალის” შემადგენლობაში გოლები-ომარ პატარკაციშვილმა და დავით მაისაშვილმა გაიტანეს.
პირველ ტაიმში ერთი უსიამოვნო ფაქტიც მოხდა. გუნდის შედეგებით უკმაყოფილო გულშემატკივრებსა და “ტორპედოს” მთავარ მწვრთნელ გიორგი ცეცაძეს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა, რის შემდეგაც ცეცაძე მოედნიდან გააძევეს.
ანდრეი დემჩენკოს გორის “დილამ” “თენგიზ ბურჯანაძეზე” ლევან კორღალიძის “საბურთალოს” უმასპინძლა და პაატა ღუდუშაურის გოლით 1:0 დაამარცხა.
თბილისის “დინამომ” კი, თბილისურ დერბიში “ლოკომოტივი” 2:1 დაამარცხა. “დინამოსგან” გოლები-დმიტრი ანტილევსკიმ და თორნიკე კირკიტაძემ გაიტანეს. “რკინიგზელთაგან” ერთი გოლი ბექა ბუიღლიშვილმა გაიტანა.
GIPHY App Key not set. Please check settings