in ,

კახი კალაძე: როცა მალდინის, ნესტას და შევჩენკოს გვერდით ხარ, მხოლოდ იმაზე ფიქრობ გუნდს იმედები არ გაუცრუო – მილანში არასდროს უნდა დანებდე

ავტორიტეტმა იტალიურმა სპორტულმა გამოცემა “Gazzeta”-მ საქართველოს ნაკრების ყოფილ კაპიტანთან და ლეგენდარულ ქართველ ფეხბურთელ კახი კალაძესთან ინტერვიუ ჩაწერა. იტალიური გამოცემა კალაძეს ანდრეი შევჩენკოსა და მისი მილანური კარიერის  შესახებ ესაუბრა. მოგეხსენებათ, ქართველმა ფეხბურთელმა კარიერის ბოლო წლები სწორედ “ჯენოაში” გაატარა. ამ გუნდის ახალი მწვრთნელი შევჩენკო კი მისი თანაგუნდელი “როსენერის” და კიევის “დინამოს” შემადგენლობაში იყო.

როგორც იტალიური გამოცემა წერს, კალაძემ კარიერაში დაახლოებით იგივე გზა გაიარა, რაც შევჩენკომ. კიევის “დინამოდან” იგი შევჩენკოს და “მილანს” 2001 წელს შეუერთდა. მანაც შეძლო ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის, ჩემპიონთა ლიგის მოგება (2-ჯერ). საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ კი პოლიტიკაშია და ამჟამად თბილისის მერია.  მიუხედავად ამისა, ფეხბურთს კვლავ აქტიურად ადევნებს თვალს.

“როდესაც კიევში ჩავედი, შევასთან მაშინვე დავეგობრდი. ის ძალიან თბილი და მეგობრული ადამიანია. კიევში ჩასულს სულ ყურადღებას მაქცევდა, ქალაქიც უკეთ გამაცნო და ძალიან დამეხმარა ადაპტაციაში. შემდეგ, “მილანშიც” ერთად მოგვიწია თამაში. მილანში ჩასვლისას იტალიური ენა არ ვიცოდი და ენის მხრივ მცირე დაბრკოლება შემექმნა და ამ დროს სწორედ შევა მეხმარებოდა. სანამ იტალიურს ვისწავლიდი, მანამდე კომუნიკაცია რუსულ ენაზე მიწევდა”, – ამბობს კახი კალაძე.

გამოცემა ქართველს “მილანში” შიდა სამზარეულოზეც ეკითხება, თუ როგორი ატმოსფერო იყო გუნდში.

“მილანი” გაცილებით, მეტია ვიდრე კლუბი. როდესაც ამ გუნდის მაისურს ატარებ, შეუძლებელია მას პატივი არ სცე და მოედანზე ყველაფერი არ გააკეთო მოსაგებად. ჩვენ ყოველ თამაშში მხოლოდ ერთი მიზანი გვქონდა და ეს იყო გამარჯვება. “მილანი” ერთი დიდი ოჯახი იყო. ფეხბურთელები, მწვრთნელები, პერსონალი – ყველა ერთად ვწერდით ისტორიას. ამ გუნდის მაისურის ტარება  ჩემთვის ძალიან დიდი პატივი და პასუხისმგებლობა იყო. როდესაც გასახდელში ისეთი მოთამაშეების გვერდზე ზიხარ, როგორებიც შევჩენკო, ნესტა, მალდინი არიან, შენც მაქსიმუმი უნდა გააკეთო და კლუბის იმედის გაცრუებაზე ვერ იფიქრებ”.

ჩვენთვის ცნობილია, რომ ერთ-ერთ დაბადების დღეზე თქვენს მეგობარს, ადამიანს, რომელიც თავდაპირველად იტალიაში დაგეხმარათ, რეზო ჭოკონელიძეს ავტომობილი აჩუქეთ?..

რეზო ჩემი მეგობარია და მილანში ყოფნის პერიოდში იგი ფაქტობრივად ჩემი მეგობარი იყო. მილანში ის დასახლებაში ძალიან დამეხმარა. ავტომობილებით ორივე ძალიან ვართ გატაცებული და გადავწყვიტე დაბადების დღეზე მისთვის მეჩუქებინა.

შევას “მილანიდან” “ჩელსიში” გადასვლაზე რას იტყვით?

თავიდან ჩემთვის ეს საკმაოდ მოულოდნელი გადაწყვეტილება იყო, მაგრამ ანდრეიმ თავად გადაწყვიტა და მის გადაწყვეტილებას ყველა პატივს  ვცემდით.

შევჩენკოზე, როგორც მწვრთნელზე, რას იტყვით?

შევჩენკოს კარგი მენტალიტეტი აქვს, რაც კარგ საფეხბურთო მენეჯერს სჭირდება. ის თავიდანვე ასეთი იყო, მიზანს, რომელსაც დაისახავდა, მის მისაღწევად თავს არ ზოგავდა და ყველაფერს აკეთებდა.

მილანიდან რა მოგონები გრჩებათ?

მილანი ჩემი მეორე სახლია. როდესაც  მილანში ვარ, თავს შინ ვგრძნობ. მილანში საოცრად თბილი ხალხი ცხოვრობს. მილანელი გულშემატკივარი კი ნამდვილად გამორჩეულია. ისინი არასდროს დამავიწყდებიან. ამიტომ, იმ ფეხბურთელებს, რომლებიც დღეს “მილანის” მაისურს ატარებენ, ვეტყვი, რომ ამით უნდა იამაყონ და ყველაფერი გააკეთონ წარმატების მისაღწევად, რადგან ამ კლუბს უდიდესი ისტორია აქვს. როდესაც ამ გუნდში თამაშობ, არასდროს უნდა დანებდე, წინააღმდეგ შემთხვევაში შენი ადგილი “მილანში” არაა.

ყველაზე დასამახსოვრებელი მომენტი თქვენს მილანურ კარიერაში?

ჩემპიონთა ლიგის პირველად მოგება და მილანურ დერბიში გოლის გატანა, რომელიც “მილანმა” ჩემი გოლით მოიგო.

თქვენ “ჯენოაშიც” მოგიწიათ თამაში. ამ გუნდის გარემო კარგად იცით და როგორ ფიქრობთ, ამ გუნდში შევჩენკო იპოვის საკუთარ თავს?

გენუაში გულშემატკივარი ფეხბურთით ცხოვრობს და აქ ხალხი გუნდთან საოცრადაა მიჯაჭვული. ახლა გუნდს რთული პერიოდი უდგას, მაგრამ შევჩენკოს უყვარს რთული გამოწვევები და დარწმუნებული ვარ ის ამ გამოწვევასაც გაუმკლავდება.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ყველაზე ახლო „ოქროს ბურთები“ – მესიმ ვან დეიკს 7 ხმით გაასწრო, რონალდომ ლეოს 3%-ით და ძველი ამბებიც

შემტევ ნახევარმცველებში ისევ დე ბრუინიო