in

კატეგორიულად ვერ დავეთანხმები, არ მჯერა! უცოდინარების აზრია და მეტი არაფერი!.. როგორ აფასებს საქართველოს არჩილ არველაძე

საქართველოს ეროვნული გუნდის მიერ ჩატარებული ბოლო ორი მატჩის ანალიზი ვთხოვეთ ნაკრების ყოფილ ფორვარდს, არჩილ არველაძეს. როგორც ყოველთვის, მან საინტერესოდ ილაპარაკა კვიპროსულ-შოტლანდიურ ბატალიებზე.

დავიწყოთ კვიპროსთან საგარეო მატჩით… ძალიან რთული თამაში გამოვიდა. შესაძლოა, ჩვენც და თავად ფეხბურთელებიც ცოტა მარტივ თამაშს ველოდით და ამანაც იქონია გავლენა. არ უნდა დავუკარგოთ დამსახურება კვიპროსის ნაკრებს, რომელმაც კარგად ითამაშა და ბოლო დროის ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი ჩაატარა…

კარგად მესმის, ჩვენ მაქსიმალისტები ვართ და ორივე შეხვედრაში მოგება გვინდოდა, მაგრამ, ალბათ, პროგრამა-მინიმუმი მაინც სამი ქულა იყო. გასვლაზე შოტლანდიასთან თამაში იოლი რომ არ იქნებოდა, ეს ცხადზე ცხადი იყო. ბოლო წლების განმავლობაში შოტლანდიას საუკეთესო ნაკრები ჰყავს და ეს ჩვენი ჯგუფის თამაშებიდანაც ჩანს.

ბოლოს და ბოლოს, ამ ფორმაციის შოტლანდიამ შინ ესპანეთს მოუგო, გასვლაზე კი – ნორვეგიას. თამაშის სტილიც რომ ავიღოთ, კი არ ჩხუბობენ და ჭიდაობენ, ფეხბურთს თამაშობენ.

ისე გამოვიდა, რომ შოტლანდიაში დაცვაში ვითამაშეთ უკეთ, ვიდრე კვიპროსში, სადაც უკანა ხაზს წინამ აჯობა. საბოლოოდ, მივიღეთ ის, რაც მივიღეთ და ეს არის რეალობა. ჩემი აზრით, თამაშის შედეგზე დიდი გავლენა მოახდინა ამინდმა.

ყველაფერი ამინდს არ უნდა დაბრალდეს ალბათ…

რა თქმა უნდა, ყველაფერი არა, მაგრამ ამინდმა მნიშვნელოვანი გავლენა იქონია საბოლოო შედეგზე. თანაც, ძალიან ცუდ დროს გავუშვით გოლი. უკვე იყო იმის განცდა, და მგონი სურვილიც ჩვენი მხრიდან, რომ თამაში უნდა შეჩერებულიყო.

ქვეცნობიერად ასე ვიყავით განწყობილები. მერე, ძნელია რიტმის შენარჩუნება – გამოდი, შედი, ისევ გამოდი, გახურდი და ასე შემდეგ… კი, შოტლანდიისთვისაც იგივე ამინდი იყო, მაგრამ ისინი შინ თამაშობდნენ, 60 ათასი გულშემატკივარრი ამხნევებდათ, მათთვის სასურველი გარემო იყო.

დავამატოთ ამას ისიც, რომ საქართველოს ნაკრების მთავარი სიძლიერე ფეხბურთელების ინდივიდუალიზმია. ასეთ ამინდში ჩვენი ეს უპირატესობა საერთოდ მოისპო.

ასეთ მოედნის გამო თამაშზე უარის თქმა რას გამოიწვევდა?

არსებობს რეგულაციები და იმას მიჰყვება ყველა. ბურთი გორავდა მინდორზე, გუბეში აღარ ჩერდებოდა და ამის მიხედვით იქნა მიღებული გადაწყვეტილება. უეფას ძალიან ძვირი უჯდება თამაშების გადადება. თუ რაიმე გამოუვალი, ძალიან ექსტრემალური მდგომარეობა არ არის, ისე არ გადადებენ თამაშს.

არის აზრი, რომ ზოგიერთმა ფეხბურთელმა ეს თამაში, უბრალოდ, “გაატარა”, სჭარბობდა წინასაშვებულებო განწყობა…

არა, ამ აზრს კატეგორიულად ვერ დავეთანხმები! არ მჯერა! დილეტანტური, უცოდინარების აზრია ეს და მეტი არაფერი. როგორ, გუშინ თამაშობდნენ და დღეს არ ითამაშეს? ეს ხომ გამორიცხულია! ბრძოლა კარგია, მაგრამ ჭკუა სჭირდება.

20 მეტრი რომ გასრიალდე და “პოდკატი” გააკეთო, თუ აზრი არ აქვს, შედეგს რას მიიღებ?! ჩვენ ამ ამინდის გამო ვერ შევუტიეთ ისე, როგორც შეგვეძლო. იმათაც ბევრი არაფერი ჰქონიათ, ვერ ვიტყვი, რომ უამრავი საგოლე მომენტი შეგვიქმნეს.

ტაქტიკური თვალსაზრისით რა შენიშნეთ?

მე რაც დავინახე, იმას ვიტყვი. მგონია, რომ ლაშა დვალი სანიოლმა დააყენა იმიტომ, რომ მარცხენამცველობა შეუძლია და თან მაღალია. იყო მოლოდინი, რომ ჩვენ დაგვტვირთავდნენ ფლანგური ჩაწოდებებით, “მაღალი” ბურთებით.

არ ვართ, ზოგადად, “მაღალი” გუნდი. 4 მცველით დავიწყეთ თამაში და ეს სიახლე იყო. რაც შეეხება ძირითადში საბა ლობჟანიძის დაყენებას, ალბათ სანიოლმა ის გათვალა, რომ საბა მორბენალია, ხაზზე კარგად თამაშობს…

ძალიან მებრძოლია და ტექნიკური ზურიკო დავითაშვილი, მაგრამ მწვრთნელმა ასეთი გადაწყვეტილება მიიღო. ოთარ კაკაბაძე შესანიშნავია შეტევაში, მაგრამ დაცვაში სჭირდება დახმარება. ალბათ, ამაზეც იფიქრა სანიოლმა. საბოლოო ჯამში გვაქვს ის შედეგი, რაც გვაქვს.

ამ ჯგუფიდან ძალიან რთული იქნება გასვლა. კი, არის მეორე ადგილზე გასვლის შანსი, მაგრამ მაინც ძალიან რთული იქნება. ჩვენ უნდა გავაკეთოთ კონცენტრირება ერთა ლიგაზე და, ამავე დროს, ღირსეულად უნდა ვითამაშოთ ამ ციკლში. ჩვენ ყველამ ვიცით, რომ ამ ბიჭებს, ამ გუნდს აქვს მომავალი.

აგერ, კიტეიშვილი დაბრუნდა და კარგი იყო მთელ რიგ ეპიზოდებში, ან თუნდაც გაგნიძე… უბრალოდ, მომეჩვენა, რომ ლუკა შედარებით რთულ სიტუაციებში გაცილებით უკეთესი იყო, ვიდრე მარტივ სიტუაციებში. ეს ალბათ იმას უნდა მიეწეროს, რომ ძირითადში თამაშობდა, რაც მისთვის ერთობ ემოციური მომენტი იყო.

გვეჩვენა, რომ საყრდენ ზონაში საქართველოს ნაკრებს აკლია ლიდერი, ჯაბა კანკავას ხასიათის და სტილის ფეხბურთელი, ვინც უშუალოდ თამაშისას სქოთებს ბრძოლაში და პატარ-პატარა ნიუანსებში არაფერს დაუთმობდა…

მოდი, ასე ვთქვათ: ჯაბა კანკავამ რაც გააკეთა ნაკრებისთვის, ყველამ ვიცით. ის იმ ფორმაციის ნაკრებში იყო გამორჩეული ლიდერი და ეს ფაქტია. უბრალოდ, შეიძლება იმის თქმაც, რომ ეს ნაკრები ცოტა სხვა ფეხბურთს თამაშობს, ვიდრე ის.

აქვე უნდა ვთქვა, რომ ძალიან მახარებს გიორგი მიქაუტაძის პროგრესი. ჯერ საჯარიმოს ფორვარდი მეგონა, მერე “ერთი დარტყმის”, მაგრამ დღითიდღე უმატებს. ძალიან მრავალმხრივი გახდა. ბურთის მიღება, ზურგითაც და პირით კარისკენაც, კაცის მოტყუება… ყველაფერი აქვს. სათამაშო სტილით მე მას სერხიო აგუეროს შევადარებდი და მიმაჩნია, რომ ძალიან კარგი მომავალი აქვს.

შოტლანდიასთან მარცხის შემდეგ გულშემატკივართა სოლიდური ნაწილი უკვე აკრიტიკებს ვილი სანიოლს…

სანიოლი მე გავაკრიტიკე პირველად. მაშინ არ მომეწონა რამდენიმე რამ. მერე რა, რომ ამხანაგური შეხვედრები იყო! მას შემდეგ საქართველოს ნაკრებმა მნიშვნელოვნად მოუმატა. თუნდაც ერთა ლიგა რომ ავიღოთ, ძალიან დამაჯერებლად მოვიგეთ ჯგუფური ეტაპი…

ასე ხელაღებით, წახვიდე შოტლანდიაში და მოიგო, ან არ წააგო, არ არის იოლი. კიდევ ერთხელ ვამბობ – ჩვენზე ძლიერი გუნდია ესპანეთი და რა შედეგით დასრულდა მისი სტუმრობა შოტლანდიაში, ყველამ კარგად ვიცით. ყველა მწვრთნელს აქვს თავისი გადაწყვეტილებები. შეიძლება, რაღაცაში ეთანხმებოდე და რაღაცაში – არა, მაგრამ ამ ეტაპზე მე ვფიქრობ, რომ ვილი სანიოლის სერიოზული კრიტიკის მიზეზი არ არსებობს.

საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებს თავის დროზე შევაფასებთ, როცა ტურნირი იქნება შესაჯამებელი, მაგრამ აქ გვერდს ვერ ავუვლით პირველ ტურში პორტუგალის ნაკრების დამარცხებას…

ძალიან მაგარი ამბავია პორტუგალიის დამარცხება თვითონ ევროპის ჩემპიონატისთვის, მთელი ქართული ფეხბურთისთვის, ამ ბიჭებისათვის!.. მინდა, რამაზ სვანაძეს მივულოცო და ნაკრებს წარმატება ვუსურვო ამ დიდ საფეხბურთო ფორუმზე.

მჯერა ამ ბიჭების! მჯერა, რომ შეგვიძლია ჯგუფიდან გასვლა და უდიდესი სურვილი მაქვს, ისევე, როგორც ყველა გულშემატკივარს, მოვიპოვოთ ოლიმპიადის საგზური, რაც უდიდესი წარმატება იქნება.

lelo.ge

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ევრო 2023: იტალიას წააგებინეს, გერმანიას პენალტის დარტყმა დაავიწყა

თუ დარჩა, სევილიაში ჩავა: ესპანეთის კალენდარი ცნობილია – რა უწევს მამარდას