სპორტულ წყვილებში ფიგურული ციგურაობის ქართულმა დუეტმა 17 წლის კარინა საფინასა და 18 წლის ლუკა ბერულავას შემადგენლობით, პეკინის 2022 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების ლიცენზია მოიპოვა.
ქართველმა სპორტსმენებმა წარმატებას გერმანიის ქალაქ ობერსტდორფში მიმდინარე ჩელენჯერზე მიაღწიეს, რომელსაც პარალელურად ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ტურნირის სტატუსიც აქვს. ISU CS Nebelhorn Trophy 2021-ზე სპორტულ წყვილებში ოლიმპიური თამაშების საგზურს 3 საუკეთესო დუეტი იღებდა და ქართველმა მოციგურავეებმა სწორედ მე-3 ადგილი დაიკავეს.
საფინამ და ბერულავამ მოკლე პროგრამაში 66.46 ქულა მიიღეს და პირველ ადგილზე გავდნენ, თავისუფალ პროგრამაში კი მსაჯებისგან 111.70 ქულა (54.16 ტექნიკური ელემენტებისთვის+57.54 პროგრამული კომპონენტებისთვის) ერგოთ, რაც მე-3 შედეგი აღმოჩნდა.
საერთო ჯამში, კარინამა და ლუკამ 178.16 ქულა მოაგროვეს და ესეც მე-3 მაჩვენებელი აღმოჩნდა გერმანული (185.25) და ესპანური (181.61) წყვილების შემდეგ. საინტერესოა, რომ ობერსტდორფში დაფიქსირებული სამივე შედეგი ქართული დუეტისთვის კარიერაში საუკეთესოა.
ამგვარად, საფინა და ბერულავა მორის ყვითელაშვილსა და ალინა ურუშაძეს შეუერთდნენ, რომელთაც შესაბამისად, კაცთა და ქალთა ინდივიდუალურ დისციპლინებში ოლიმპიური თამაშების საგზურები აქამდეც მოპოვებული ჰქონდათ.
GIPHY App Key not set. Please check settings