in

იტალიას მსოფლიო მივეცით, ჩვენ თებერვლისთვის გადავდეთ

დასანანი მარცხი ევროპის ერთ-ერთ წამყვან ნაკრებთან – იტალიამ თბილისში ერთი ქულით დაამარცხა საქართველოს ნაკრები და მსოფლიო ჩემპიონატის საგზური საკვალიფიკაციო ტურნირის დასრულებამდე 2 ტურით ადრე მოიპოვა. საქართველოს სულ მცირედი დააკლდა მაქსიმალურ შეგებამდე, რაც ამ ფანჯრის წინ დაიგეგმა ისლანდიისა და იტალიის დამარცხების სახით. თუმცა, ამავდროულად, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ვინც ამ გუნდების შესაძლებლობები იცოდა, უარეს შემთხვევაში ერთ მოგებაზეც ყაბულს იყო, ოღონდ ეს ერთი აუცილებლად უშუალო კონკურენტი ისლანდია უნდა ყოფილიყო.

საბოლოოდ ასეც გამოვიდა: ილიას ზუროსის გაწვრთნილმა ჩვენმა გუნდმა ისლანდიაში ურთულესი ბრძოლა (88:85) მოიგო, თბილისში კი იტალიასთან არანაკლებ დაძაბულ ჯახში 84:85 დამარცხდა და ამის მიუხედავად, ჩვენი ჯგუფიდან მსოფლიო ჩემპიონატზე გასასვლელი მესამე საგზურის მოგების უმთავრესი კანდიდატია. კონკურენტები ისლანდია და უკრაინა არიან. ამ გუნდების შეხვედრაში უკრაინამ მოიგო და თითქმის განწირულს, მსოფლიოზე გასვლის შანსი გაუჩნდა. საამისოდ უკრაინელებმა მომდევნო ტურში იტალიაში უნდა მოიგონ და თუკი საქართველო ჰოლანდიაში იმარჯვებს, ბოლო ტურში საქართველოს ისლანდიასთან დამარცხებას უნდა უქომაგონ.

ეს არითმეტიკა საჭირო არ გახდება, თუკი საქართველო დარჩენილ 2 მატჩს მოიგებს. ეს 2 გამარჯვება თუ მოიპოვა, საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატზე ითამაშებს. ისტორიის დასაწერად სწორედ 23 თებერვალს ჰოლანდიაში და 26-ში თბილისში, ისლანდიასთან მოგებაა საჭირო.

საქართველომ წააგო სამქულიანების მანქანასთან. ჩვენმა გუნდმა ძალიან სუსტი პირველი ნახევარი ჩაატარა, რომელშიც მეტოქისგან 10 სამქულიანი მიიღო და აღნიშნულ პერიოდში ჩვენს კაპიტანსა და ლიდერს, თორნიკე შენგელიას მხოლოდ 1 ქულა ჰქონდა ჩაგდებული. და ყველაფერ ამის ფონზე ქართველები დიდ შესვენებაზე მხოლოდ 3 ქულით აგებდნენ. მართალია, იტალიამ მეორე ნახევარში 10 სამიანი ვეღარ ჩააგდო, თუმცა 6 შორი სროლა მიითვალა და აქედან 2 ბოლო წუთებზე, რითაც მოგების რეალური შანსის მქონე საქართველო თითქმის გაწირა – 85:79 დასრულებამდე 33 წამით ადრე.

აქ კი ქართველებმა ლამის სასწაული მოახდინეს. თორნიკე შენგელიამ სწრაფი 2-ქულიანი ჩააგდო, რასაც პრესინგი და მეტოქის ნახევარზე განხორციელებული ჩაჭრა მოჰყვა. თად მაკფადენმა საფინალო სირენამდე 11 წამით ადრე სამქულიანი ააცილა, ბურთი მატჩის ერთ-ერთმა საუკეთესო მოთამაშე დუდა სანაძემ ბრძოლით მოხსნა და მიხეილ ბერიშვილს პერიმეტრზე მიაწოდა. მიშას სამიანმა ჩამორჩენა მინიმუმამდე შეამცირა და დარჩენილ 7 წამში ქართველებმა, ცხადია, ტაქტიკური ჯარიმა აიღეს.

ალესანდრო პაჯოლამ ორივე საჯარიმო ააცილა და ბურთი შენგელიამ მოხსნა. ნაკრების კაპიტანი, რომელმაც მეორე ნახევარში, როგორც იქნა, დაძლია იტალიელთა დაცვითი ზღუდე და 14 ქულა მოინაგრა, მეტოქის ფარისკენ დაიძრა. დასრულებამდე მხოლოდ 6 წამი იყო და ჩვენი გუნდი ამ დროში ვერ ჩაეტია. შენგელიამ ბურთი მაკფადენს მიაწოდა, მოედანი სწრაფად გადაკვეთა და ჩვენმა ნატურალიზებულმა ამერიკელმა მას პასი დაუბრუნა. საჯარიმოში შეჭრილ შენგელიაზე იტალიელი მეურვე დაჯარიმდა, თუმცა დრო ამოწურული იყო…

საქართველოს ნაკრების მორიგი შეკრება თებერვალშია და ილიას ზუროსი გუნდს მსოფლიოს ჩემპიონატის საგზურის მოსაპოვებელი მატჩებისთვის მოამზადებს.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

SUCCESFUL LANDING: არგენტინის ნაკრები კატარშია!

აუცილებლად გავალთ: კომენტარები