2017 წლის აგვისტოში “სიტის” ალჟირელმა ფეხბურთელმა რიად მარეზიმ 32 წლის მძღოლს, შარიფ მუჰამედს არაჩვეულებრივი დასვენება აჩუქა, თუმცა სრულიად შემთხვევით.
ყველაფერი ძალიან მარტივად მოხდა. მუჰამედმა Barclays ბანკში დარეკა, თავი მარეზის წარმომადგენლად გაასაღა და ფეხბურთელის სახელზე ახალი ბარათი მოითხოვა. რაც არ უნდა უცნაური იყოს, ბანკმა თხოვნა ზედმეტი კითხვების გარეშე შეასრულა და თაღლითს რიადას ფინანსები გადასცა.
შარიფი თავიდან იბიცაზე წავიდა, სადაც 20 ათასი ფუნტი სტერლინგი დახარჯა, ეს თანხა ფრენას და მდიდრულ სასტუმროში ცხოვრებას მოხმარდა. მან შემდეგ 1,5 ათასად არმანის ჯინსებიც იყიდა და კაზინოში შესვლაც არ დავიწყებია.
შემდეგ ის ლონდონში დაბრუნდა და გართობა გააგრძელა: ისევ კაზინო, მდიდრული რესტორნები და ბევრი ფასტფუდი.
„დეილი მეილის“ ინფორმაციით, მუჰამედმა 16 აგვისტოდან 20 სექტემბრამდე 175 830 ფუნტი სტერლინგის დახარჯვა მოასწრო. მხოლოდ ამის შემდეგ შეამჩნია მარეზიმ თანხის დაკარგვა და ბარათი დაბლოკა.
2016 წელს ფეხბურთელმა კვირაში 100 ათას ფუნტიან კონტრაქტს მოაწერა ხელი, ასე რომ, 175 ათასი არც თუ ისე დიდი დანაკარგი იყო.
თუმცა, ბანკს ასეთი შეცდომა არ უნდა დაეშვა და კლიენტის ფინანსები უკეთ უნდა დაეცვა.
მუჰამედის საქმე სასამართლოს გადაეცა, მას ბრალი თაღლითობასა და სხვისი ფინანსების მითვისებაში ედება. ეჭვმიტანილის ადვოკატი ბრალდების მეორე ნაწილს არ ეთანხმება და ამტკიცებს, რომ მუჰამედი ამ საქციელით არ გამდიდრებულა და უბრალოდ კარგად დაისვენა.
პროცესი 25 თებერვლისთვისაა დაგეგმილი, მანამდე კი ბრალდებული გირაოთი გაუშვეს. საინტერესოა, თუ სად იშოვა მან გირაოს ფული?
GIPHY App Key not set. Please check settings