in

ზურიკო შევიდა და საგოლე პასი გააკეთა, ჩაკვეტაძეს პასი გაუფუჭეს – ლეგიონერები

საფრანგეთის თასის 1/16 ფინალში „ბორდომ“ ლიგა 1-ის ერთ-ერთი ლიდერი „ნიცა“ შინ მიიღო და 2:3 წააგო და ტურნირიდან გავარდა. ზურიკო დავითაშვილი ტრავმის შემდეგ დაუბრუნდა მოედანს. ის 61-ე წუთზე შევიდა, როცა ანგარიში 1:3 იყო. 76-ე წუთზე, მარცხენა ფრთაზე გაიჭრა, შეყოვნდა, ცენტრისკენ ზუსტად მიაწოდა პარტნიორს და ვაისბეკმაც ლამაზი დარტყმით ანგარიში შეამცირა, თუმცა „ბორდომ“ მეტს ვეღარ გახდა. დავითაშვილის შეფასება 7.0-ია.
მომდევნო შეხვედრას „ბორდო“ ჩემპიონატზე 23 იანვარს შინ „ვალანსიენთან“ გამართავს.

ბორდო – ნიცა 2:3
გოლები: 0:1 გესანი (35), 0:2 სანსონი (47, პენ), 1:2 ლივოლანი (59), 1:3 სანსონი (60), 2:3 ვაისბეკი (76)

ინგლისის ჩემპიონშიფის 28-ე ტურში „უოტფორდი“ „ბრისტოლს“ ესტუმრა და დაუზავდა – 1:1. გიორგი ჩაკვეტაძე ისევ ძირითადში იყო და თითქმის ბოლომდე ითამაშა, 89-ე წუთზე გაიყვანეს. ჩვენიანმა პასებით რამდენჯერმე გაამწვავა თამაში, ერთხელ თავადაც დაარტყა შორიდან. პირველ ტაიმში კი მისი კარგი პასით ასპრილიას უნდა გაეტანა, რომელიც მეკარესთან ხელსაყრელ პოზიციაზე მარტო დარჩა, მაგრამ დარტყმა დააგვიანა, მეკარესთან ძალიან ახლოს მივიდა და შანსი ხელიდან გაუშვა.
ჩაკვეტაძის შეფასებები საკმაოდ კარგია: flashscore – 7.0, sofascore – 7.0, whoscored – 6.8.
„უოტფორდი“ 40 ქულით მე-9 ადგილზეა, პრემიერლიგაში გადასასვლელი პლეი-ოფის ზონას 3 ქულა აშორებს და 28 იანვარს „საუთჰემპტონს“ უმასპინძლებს.

იტალიის სერია B-ს 21-ე ტურში ქართველების გუნდების, „სპეციასა“ და „კრემონეზეს“ შეხვედრა სტუმრების გამარჯვებით დასრულდა – 0:1.
ორივე ქართველმა ითამაშა, მაგრამ ერთდროულად არა. ივა გელაშვილი „სპეციას“ ძირითად შემადგენლობაში იყო და შესვენებაზე შეცვალეს. ხოლო ლუკა ლოჩოშვილი მოედანზე მეორე ტაიმიდან შევიდა.
„კრემონეზე“ 38 ქულა დააგროვა და მე-3 ადგილზე დაწინაურდა, ხოლო „სპეცია“ 17 ქულით ბოლო, მე-20 ადგილზეა.

თურქეთის ჩემპიონატის 21-ე ტურში შოთა არველაძის „ფატიჰ კარაგუმრუკისა“ და „ბაშაკშეჰირის“ მატჩი 1:1 დასრულდა.
შესვენების შემდეგ არველაძემ მოედანზე მცველი დავიდე ბირასკი შეუშვა, რომელმაც ორწუთიან ინტერვალში ორი ყვითელი ბარათი მიიღო და გააძევეს. თუმცა, რიცხობრივ უმცირესობაში დარჩენილი არველაძის გუნდი არ დანებდა, დურსუნმა ანგარიში გაათანაბრა და გუნდს ქულა მოუპოვა.
აღსანიშნავია, რომ „კარაგუმრუკში“ პირველად ითამაშა „ნაპოლის“ ყოფილმა მეკარემ, 37 წლის სალვატორე სირიგუმ.
„კარაგუმრუკი“ 21 ქულით მე-14 ადგილზეა და 24 იანვარს სტუმრად „ანკარაგიუჯიუს“ შეხვდება.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

მამარდა ვალენსიას ზედიზედ მე-4 მოგებაში დაეხმარა: ქართველმა უმაღლესი შეფასებები მიიღო

ნაპოლი შარშია პრეზიდენტის ფინანსური მაქინაციების გამო: რა ელის ხვიჩას გუნდს