in

ზედიზედ მეათედ: საქართველო ჩემპიონია

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები 2022 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებულია.

“ბორჯღალოსნებმა” აღნიშნული ტურნირი ზედიზედ მეათედ, ისე კი მეთოხმეტედ მოიპოვეს. ტურნირის გადამწყვეტ შეხვედრაში საქართველო “დინამო არენაზე” ესპანეთს დაუპირისპირდა და მორიგი გამარჯვება მოიპოვა – 49:15.

ანგარიში მე-3 წუთზე ვასილ ლობჟანიძემ (მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა) არეკნით გახსნა. ესპანელებმა ჯარიმით გაგვითანაბრეს. თედომ მალე ჯარიმა გაიტანა და 6:3 დავწინაურდით. ამის შემდეგ, ესპანეთმა ტერიტორიული უპირატესობა მოიპოვა და ჩვენს 22-მეტრიან ზონასაც ძალიან გაუშინაურდნენ. რაქში ჩავარდნისთვის მოპოვებული ჯარიმა ესპანელებმა აუტში გადაიტანეს. მოგებული დერეფნის შემდეგ, კარგი მოლი შეკრეს, მაგრადაც მოგვაწვნენ, რის შემდეგაც ბურთი მოკლე ფრთაზე გაათამაშეს და მათმა ფრთამაც დაგვალელოვა.
გაშვებული ლელოს შემდეგ, საქართველოს ნაკრებმა შეუტია. ნულოვან ზონაში ვასილ ლობჟანიძემ ხაზი გაჭრა. რანდენიმე ფაზიანი მძლავრი მიძალების შემდეგ, ბურთი ხაზზე გავათამაშეთ, ნინიაშვილმა გრძელი პასით ფრთაზე ტაბუცაძე მოძებნა და აკამაც ნაკრებში თავისი მორიგი ლელო დაამიწა. თედოს გარდასახვა ზუსტი იყო. ტაიმის მიწურულს კი, ტრადიციული მოლის შემდეგ, ბურთი ესპანელთა ჩათვლის მოედანში ლუკა ივანიშვილმა დაამიწა. თედო ისევ ზუსტად დაარტყა – 18:8 პირველი ტაიმის შემდეგ.

მეორე ნახევარი ესპანელთა გარდასახული ლელოთი დაიწყო და სხვაობა სამ ქულამდე შეამცირეს, მაგრამ ამის შემდეგ “ბორჯღალოსნებმა” უპირატესობა ყველა სათამაშო კომპონენტში მოიპოვეს და ბრწყინვალე ლელოებიც დადეს. შესანიშნავი იყო ჩვენი უკანა ხაზელების თამაში. ჯერ ბუკა შარიქაძემ შეძლო მეტოქის დამიწება, შემდეგ აკა ტაბუცაძემ ბრწყინვალე ცრუ მოძრაობით ესპანელთა ფულბეკი “მაწონზე” გაუშვა და დუბლი მიითვალა. მატჩის ბოლო ლელო კი, რომელმაც საქართველოს ნაკრებს პრემიალური ქულა მოუტანა, ოთარ გიორგაძის ანგარიშზეა. თედომ ისევ ზუსტად გარდასახა და ის დღეს დარტყმებში უშეცდომო იყო.

ბოლოს, მატჩის დრო ამოწურული იყო, მაგრამ ქართველმა მორაგბეებმა თამაში არ დაამთავრეს, შეუტიეს და კიდევ ერთი ლელო დადეს. გიორგი ჭყოიძის ლელო თედომ გარდასახა.
საბოლოოდ 49:15 და “ბორჯღალოსნები” ისევ ჩემპიონები არიან.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

კაპიტანი ბრუნდება: ლიპარტელიანი ევროპაზე იჭიდავებს

დავრჩები თუ არა? ჯერ არ ვიცი: ხვიჩა კვარაცხელია