კოვიდპანდემიით გამოწვეული იძულებითი პაუზის შემდეგ, საქართველოში საფეხბურთო ჩემპიონატი განახლდა. გუშინ ლიგა 3-ის მე-14 ტურის შეხვედრები გაიმართა. ლიგა 3-ის ერთ-ერთი აუტსაიდერი ჩოხატაურის “ბახმარო” გათამაშების ლიდერ თბილისის “სპაერს” დაუპირისპირდა და მნიშვნელოვანი ქულაც მოიპოვა. შეხვედრა ფრედ 1:1 დასრულდა.
თუმცა, ამ მატჩმა ყურადღება სულ სხვა რამის გამო მიიპყრო. ჩოხატაურელთა რიგებში… ვიქტორ ჰიუგომ ითამაშა. ჰიუგო “ბახმაროს” შემადგენლობაში 10-ნომრიანი მაისურით იყო მოედანზე, მაგრამ მეორე ტაიმის სტარტზევე შეცვალეს.
ამ ფეხბურთელის შესახებ მხოლოდ იმის თქმა შეგვიძლია, რომ ბრაზილიის ქალაქ კაპე ვერდეში დაიბადა და 28 წლისაა. იგი სახელგანთქმული ბრაზილიური კლუბ “პალმეირასის” აკადემიაშიც ირჯებოდა, მაგრამ პროფესიონალურ საფეხბურთო კარიერაში რაიმეთი ვერ დაიკვეხნის. ის სხვადასხვა დროს აშშ-ის, ბოლივიის და ლიეტუვას დაბალი დივიზიონების გუნდებში გამოდიოდა.
მის შესახებ ინფორმაცია transfermarket-ზეც არ იძებნება. ჩვენი ყურადღება მან მხოლოდ იმით მიიპყრო, რომ დიდი ფრანგი მწერლის ვიქტორ ჰიუგოს თანამოსახელეა. ვნახოთ,შეძლებს თუ არა ბრაზილიელი მიმდინარე სეზონში გურულების გადარჩენას.
14 ტურის შემდეგ, “ბახმაროს” 13 ქულა აქვს და სატურნირო ცრილში ბოლოსწინა ადგილზეა, მაგრამ სამშვიდობო ზონას 1 ქულით ჩამორჩება.
GIPHY App Key not set. Please check settings