2021 წლის საფეხბურთო სეზონი სრულდება და მალე საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია სხვადასხვა ნომინაციებში წლის გამორჩეულ მოთამაშეებს დააჯილდოებს. მთავარი საქართველოს 2021 წლის საუკეთესო ფეხბურთელის ნომინაციაა.
Sport4me.ge-ის ვერსიით, აღნიშნულ ნომინაციაში სამი რეალური კანდიდატია, რომლებმაც, რაც მთავარია საქართველოს ნაკრებისთვის კარგი მატჩები აჩვენეს და კლუბშიც საკმაოდ კარგები იყვნენ.
პირველი და ნომინაციის მთავარი ფავორიტი, ჩვენი აზრით, საქართველოს ნაკრების და ყაზანის “რუბინის” შემტევი ნახევარმცველი ხვიჩა კვარაცხელიაა. ქართული ფახბართის ტალანტი 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში ბრწყინვალე იყო. საქართველოს ნაკრებმა განვლილ შესარჩევში სულ 6 გოლი გაიტანა და მათ შორის 4 სწორედ ხვიჩას ანგარიშზეა. კვარაცხელიამ შვედებს დუბლი შეუსრულა, ესპანეთს და საბერძნეთს კი, თითო-თითო გოლი შეუგდო.
გარდა ნაკრებში წარმატებული თამაშისა, კვარაცხელია წლის პირველ ნახევარში “რუბინის” მაისურითაც ბრწყინვალე იყო და არაერთი ევროპული კლუბის ინტერესის საგანიც იყო. ქართველი ფეხბურთელი გასული სეზონის “რუბინის” საუკეთესო ფეხბურთელიც გახდა. შეგახსენებთ იმასაც, რომ ხვიჩა გაზეთ “სარბიელის” გამოკითხვით, რომელშიც 81-მა ქართველმა სპორტულმა ჟურნალისტმა მიიღო მონაწილეობა, გასული სეზონის საქართველოს საუკეთესო ფეხბურთელი გახდა.
ჩვენი აზრით, წლის საუკეთესო ფეხბურთელობის მეორე პრეტენდენტი საქართველოს ნაკრების ვიცე-კაპიტანი გურამ კაშიაა. ის ნაკრების სული და გულია და მისი ჩაგდებული თამაში ეროვნული გუნდის მაისურით ძალიან რთულად გასახსენებელია. იგი დაცვის ხაზის ლიდერია. ესპანეთის ნაკრების წინააღმდეგ “დინამო არენაზე” გამართულ შეხვედრაში კი, კაშია საუკეთესო იყო მოედანზე. იგივე, შეიძლება ვთქვათ შვედეთთან შეხვედრაზეც. კაშიამ სეზონის პირველი ნახევარი თბილისის “ლოკომოტივის” შემადგენლობაში ჩაატარა და გუნდს აქაც ლიდერობდა, ზაფხულში კი, ბრატისლავას “სლოვანის” რიგებს შეუერთდა.
წლის საუკეთესო ფეხბურთელობის მესამე ნომინანტი კი, ჩვენი აზრით, თორნიკე ოქრიაშვილია. თორნიკემ საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში წელს თავისი მე-13 გოლი გაიტანა და ნაკრების მოქმედ ფეხბურთელებს შორის გატანილი გოლებით ყველას უსწრებს. ოქრიაშვილი ნაკრებისთვის ყოველთვის ბოლომდე იხარჯება და კოსოვოსთან მოგებაში დიდი წვლილი მას მიუძღვის. ასევე, შეიძლება ვთქვათ, შვედეთთან მატჩზე, რომელიც ოქრის კარგი ჰქონდა და კვარაცხელიას პირველი გოლი, დიდწილად სწორედ მისი დამსახურებაა.
GIPHY App Key not set. Please check settings