ფიბას ჩემპიონთ ლიგაში მეოთხედფინალური სერიები დაიწყო, რომელიც 2 მატჩისგან შედგება. გუნდები თავ-თავიანთ მოედანზე თითო მატჩს ატარებენ და ჯამში რომელსაც მეტი ქულა მოუგროვდება, შემდეგ ეტაპზე, ანუ ოთხთა ფინალშიც ის გავა.
მეოთხედფინალური სერია გამარჯვებით დაიწყო გიორგი შერმადინის ტენერიფემ, რომელმაც სერიის პირველი მატჩი საკუთარ მოედანზე გამართა და თურქული თოფაში 83:78 დაამარცხა. ეს ნიშნავს, რომ თუ ტენერიფელებმა საპასუხო მატჩი თურქეთში 7 ქულით არ წააგეს, ოთხთა ფინალში გავლენ.
თამაში გარდამავალი უპირატესობით წარიმართა, მაგრამ ბოლო მეოთხედში უკეთესად მასპინძლები გამოიყურებოდნენ. თურქულმა გუნდმა სირენამდე 3 წუთით ადრე ანგარიში კი გაათანაბრა (70:70), მაგრამ დარჩენილ დროში მეტი ვერ შეძლო. ტენერიფემ თამაშის გამარჯვებამდე მიყვანა მაინც მოახერხა და ამაში მთავარი წვლილი მარსელინიო უერტასსა და გიორგი შერმადინს მიუძღვით. ბრაზილიელმა 30 ქულა (11/18 თამაშიდან) და 8 მოხსნა მიითვალა, ქართველმა კი, რომელმაც სათადარიგო სკამიდან ითამაშა და მოედანზე ჯამში 22:21 წუთი დაყო, თამაში 18 ქულით, 5 მოხსნითა და 1 პასით დაასრულა. ტენერიფეს 35 წლის ქართველმა ცენტრმა 7-იდან 4 ორქულიანი ჩააგდო, საჯარიმო ხაზიდან კი უშეცდომო იყო – 10-იდან 10.
სერიის საპასუხო მატჩი 10 აპრილს, ქალაქ ბურსაში გაიმართება.
GIPHY App Key not set. Please check settings