Crystalbet ეროვნულ ლიგა 2-ში გუშინ გათამაშების ლიდერები დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. თბილისის ზღვის “ზესტაფონის” ბაზაზე “გაგრამ” ბოლნისის “სიონს” უმასპინძლა. დაძაბული შეხვედრა ფრედ 1:1 დასრულდა.
მატჩს “გაგრა” გურამ სამუშიას გოლით იგებდა. ბოლნისელებმა ანგარიშის გათანაბრება გიორგი ივანიაძის გოლით მოახერხეს.
დაძაბულ და პრინციპულ შეხვედრას, ჩხუბის გარეშე არ ჩაუვლია. 52-ე წუთზე გურამ სამუშიასა და ლაშა უგრეხელიძეს შორის კონფლიქტი მოხდა, რომელიც სერიოზულ ჩხუბში და ერთმანეთს შორის სიტყვიერ შეურაცხყოფაში გადაიზარდა. შეხვედრის მთავარმა არბიტრმა ბაკურ ნინუამ ორივე ფეხბურთელს წითელი ბარათი უჩვენა და მოედნიდან გააძევა.
ჩემპიონატის დასრულებამდე 11 ტურით ადრე, ბოლნისის “სიონს” 59 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზეა, “გაგრა” კი, 58 ქულით მეორეა.
GIPHY App Key not set. Please check settings