საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატის უმაღლეს დივიზიონში,Crystalbet ეროვნული ლიგა, გადადებული შეხვედრები გაიმართა.
თელავის “კავკასიონი არენაზე” კახურ-იმერული დაპირისპირება შედგა. ადგილობრივმა “თელავმა” წყალტუბოს “სამგურალს უმასპინძლა და მატჩი გატანილი გოლების გარეშე 0:0 დასრულდა.
საინტერესო და სანახაობრივი მატჩი გაიმართა “დინამო არენაზე”. თბილისის “დინამომ” ანდრეი დემჩენკოს გორის “დილას” უმასპინძლა და 2:1 დაამარცხა. ანგარიში მე-2 წუთზე გაიხსნა. საქართველოს ყველაზე ტიტულოვანი კლუბი დმიტრი ანტილევსკიმ დააწინაურა.
ტაიმის მიწურულს კახი ცხადაძის გუნდის უპირატესობა 2-ბურთიანი გახდა. “დინამოს” კაპიტანმა გიორგი პაპავამ საჯარიმო დარტყმა ბრწყინვალედ შეასრულა და შანსი არ დაუტოვა მეკარეს.
მეორე ნახევარში “დილამ” სათამაშო უპირატესობა მოიპოვა. მატჩის მეორე ნახევარი ანდრეი დემჩენკოს გუნდის უპირატესობით წარიმართა, მაგრამ გორელებმა მხოლოდ ერთი ბურთის გაქვითვა მოახერხეს, რომელიც ვაგნერ გონსალვეშის ანგარიშზეა. ვაგნერს მეორეს გატანაც შეეძლო, მაგრამ ხელსაყრელი სიტუაციიდან ვერ გაიტანა. ანალოგიური მომენტი ჰქონდა ბილენკისაც, რომელმაც ორი მეტრის დისტანციიდან ბურთი ძელს გაარტყა.
“ძალიან მნიშვნელოვანი სამი ქულა ავიღეთ და ძლიერი გუნდი დავამრცხეთ. პირველი ტაიმის საკმაოდ კარგად ვითამაშეთ და დამაგვირგვინებელ ფაზაში მეტად კარგები, რომ ვყოფილიყავით მეტის გატანაც შეგვეძლო. მეორე ტაიმში სამწუხაროდ მოწინააღდეგეს დავუთმეთ ინიციატივა, რაც აუცილებლად გამოსასწორებელია. მნიშვნელობა არ აქვს ანგარიშს თბილისის “დინამომ” ყოველთვის ლამაზი ფეხბურთი უნდა ითამაშოს”, – განაცხადა კახი ცხადაძემ.
“გორის “დილა” ისევე როგორც ჩვენ და ბათუმის “დინამო”ჩემპიონობისთვის იბრძვის და უშუალო კონკურენტთან მოპოვებული სამი ქულა ძალიან სასიხარულოა. ლამაზი გოლი გამომივიდა და ბედნიერი ვარ, რომ ჩემი გოლით გუნდს გამარჯვებაში დავეხმარე. შეცდომები არის და ვეცდებით დღეს დაშვებული შეცდომები მომდევნო მატჩებში აღარ გამოვიყენოთ”, – თქვა გიორგი პაპავამ (თბილისის “დინამოს” კაპიტანი).
“მინდა მივულოცო თბილისის “დინამოს” გამარჯვება. მეორე ნახევარში უპირატესობას ვფლობდით და მეტიც უნდა გაგვეტანა, მაგრამ სამწუხაროდ ეს ვერ შევძელით. ამით არაფერი მთავრდება. ჯერ ყველაფერი წინაა.”-თქვა ანდრეი დემჩენკომ
აუტსაიდერების შეხვედრა გაიმართა ქუთაისის რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე. “ტორპედომ” თბილისის “ლოკომოტივს” უმასპინძლა და ზედიზედ ორი მარცხის შემდეგ დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა. დისკვალიფიკაციის გამო, დღეს “ტორპედოს” გია ცეცაძე ვერ ხელმძღვანელობდა და ქუთაისელებს შოთა ბაბუნაშვილმა უხელმძღვანელა.
“ტორპედოსგან” გოლები: გიორგი კუხიანიძემ, მათე ცინცაძემ, ცოტნე ნადარიამ და გიორგი არაბიძემ გაიტანეს. თბილისელებმა ბოლო 5 წუთში ორი ბურთი გაიტანეს. გოლები გაბრიელ ხუციშვილის და ლაშა აწყურელის ანგარიშზეა.
საბოლოოდ 4:2 და “ტორპედომ” მნიშვნელოვანი მატჩი მოიგო, “ლოკომოტივი” მე-6 ტურში მეექვსედ დამარცხდა.
GIPHY App Key not set. Please check settings