“ულსან ჰიუნდაის” ფეხბურთელი ვაკო ყაზაიშვილი სამხრეთ კორეის ჩემპიონატის (K ლიგა) 27-ე ტურის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს და ტურის სიმბოლურ ნაკრებშიც შეიყვანეს. ინფორმაციას K ლიგის ვებგვერდი ავრცელებს.
ყაზაიშვილმა “ულსან ჰიუნდაის” სეულთან საგარეო მატჩში დუბლით მოაგებინა (2:1). ვაკომ მეტოქის კარში გოლები 28-ე და 34-ე წუთებზე გაიტანა და სანაკრებო პაუზის წინ ძალიან კარგ ფორმაშია. აღსანიშნავია, რომ 28 წლის შემტევი სამხრეთ კორეის ჩემპიონატის ტურის საუკეთესო ფეხბურთელად მეორედ დასახელდა. იგივე წოდება მას მე-8 ტურშიც მიანიჭეს და საინტერესოა, რომ მაშინაც სეულთან ჩატარებული თამაშის გამო (პირველი წრის შეხვედრა).
ვაკო ყაზაიშვილი სამხრეთ კორეაში შესანიშნავ სეზონს ატარებს. მან K ლიგაში 21 მატჩში 5 გოლი გაიტანა და 3 საგოლე პასი შეასრულა. ამასთან, აზიის ჩემპიონთა ლიგაზე ქართველი შემტევის ანგარიშზე 3 გოლი და 2 საგოლე პასია. ასეთი კარგი თამაშის წყალობით, ყაზაიშვილმა ეროვნულ ნაკრებში ადგილი დაიბრუნა.
GIPHY App Key not set. Please check settings