ქართული ფეხბურთის იმედი ხვიჩა კვარაცხელია ზაფხულიდან იტალიური “ნაპოლის” ღირსებას დაიცავს. ტრანსფერზე მუშაობა ნეაპოლური გუნდის სპორტულმა დირექტორმა კრისტიანო ჯუნტოლიმ დაადასტურა.
ვადასტურებ, ვმუშაობთ კვარაცხელიას ტრანსფერზე – ნაპოლის სპორტული დირექტორი
თუ როგორი მოლოდინი აქვთ იტალიელ გულშემატკივრებს და სპორტული მედიის წარმომადგენლებს კვარაცხელიას მისამართით, ამის გასარკვევად Sport4me.ge იტალიაში Calcionapoli24-ის სპორტულ ჟურნალისტ ვინჩენცო კრედენდინოს დაუკავშირდა.
“გულშემატკივრებისგან მაინცდამაინც დიდი მოლოდინი არ არის, რადგან იტალიელი ქომაგი ჯერ მას კარგად არ იცნობს. ბევრი კვარაცხელიას საქართველოს ნაკრებსა და ბათუმის “დინამოში” მატჩებს აკვირდება. მე ვნახე ხვიჩას მომენტები ესპანეთთან შეხვედრაში. ნეაპოლი ეს არის ქალაქი, რომელშიც გულშემატკივრები დიდ სახელებზე ოცნებობენ. ხვიჩა, ჯერ ახალგაზრდაა, მაგრამ მას შეუძლია სერია ა-ს დაპყრობა.
მე რაც შევამჩნიე, მას აქვს თამაშის წაკითხვის უნარი და შესანიშნავი ტექნიკა. თანატოლებს შორის იგი შეუდარებელია. ინსინიეს შეცვლა ურთულესია. იგი ამ კლუბის კერპი და იტალიის ნაკრების 10-იანია. ხვიჩა არ უნდა მოვიდეს ინსინიეს ნაცვლად, არამედ დაეხმაროს გუნდს კაპიტნის გარეშე წინსვლაში”, – გვითხრა კრედენდინომ.
იტალიურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ხვიჩა კვარაცხელია “ნაპოლის” ივლისში შეუერთდება და გუნდთან 5-წლიან კონტრაქტს გააფორმებს.
GIPHY App Key not set. Please check settings