საქართველოს ნაკრები ხვალ ევროშესარჩევში ესპანეთს უმასპინძლებს. ამ თამაშის მნიშვნელობაზე საუბარიც კი ზედმეტია. მართალია უდაო ფავორიტი მეტოქეა, მაგრამ ახლა წარმატებულ შედეგზე ფიქრი ნამდვილად შეიძლება.
დღეს მთავარმა მწვრთნელებმა პრესკონფერენცია გამართეს.
ვილი სანიოლი:
„შესარჩევ ციკლში მეოთხე მატჩს ჩავატარებთ და, ბუნებრივია, გადამწყვეტი არაა, მაგრამ მნიშვნელოვანია. ვიცით, რომ საქართველოში ამ შეხვედრასთან დაკავშირებით დიდი მოლოდინია. თუმცა ნაკრები ერთ დღეში არ აშენებულა. ესპანეთი მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია, მთავარია, მოთამაშეებმა დავალებები შეასრულონ.
ახალგაზრდული ევროპის ჩემპიონატი წარმატებული გამოდგა, თუ გავითვალისწინებთ როგორ ჯგუფში მოვხდით, საიდანაც გასვლა უკვე დიდ წარმატებად მიმაჩნია. საწყენი იყო ისრაელთან პლეი ოფში წაგება, როდესაც მანამდე უკეთეს ნაკრებებს ვაჯობეთ, მაგრამ მთავარია, ახალგაზრდებს შესაძლებლობების გამოვლენის საშუალება მიეცათ. საზონოვი იტალიაში გადავიდა, კალანდაძე ეროვნულ გუნდში მოვიწვიეთ.
ახალგაზრდულიდან ვინმეს ხომ არ მივიწვევ კიდევ? ჩვენ ერთა ლიგის პლეი ოფში მოგვიწევს თამაში. ახალგაზრდა მოთამაშეებისთვის ესპანეთთან და ნორვეგიასთან თამაში შესანიშნავი გამოცდილება იქნება.
რაც შეეხება ზაფხულში ევროპაში გადასულ ქართველ მოთამაშეებს. მიხარია, რომ სატრანსფერო ფანჯარა დაიხურა, რადგან ეს მოთამაშეებისთვის დიდი სტრესია. თუმცა ბევრი კარგი ტრანსფერი იყო. მიქაუტაძე, საზონოვი და ჩაკვეტაძე კარგ გუნდებში გადავიდნენ, რაც ეროვნული გუნდისთვის ძალიან კარგია. ეს ნიშნავს, რომ ევროპაში ქართველ ფეხბურთელებს ნდობით ეკიდებიან.
ვინ დაარტყამს პენალტს? შოტლანდიასთან კვარაცხელიამ შეასრულა და ვერ გამოიყენა, მაგრამ მას სრულად ვენდობი, ისევე როგორც მიქაუტაძეს და კიტეიშვილს, რომლებიც თერთმეტმეტრიანს ასევე კარგად ასრულებენ“.
საქართველოსა და ესპანეთის მატჩი ხვალ, 8 სექტემბერს „დინამო არენაზეა“ და 20:00 საათზე დაიწყება.
GIPHY App Key not set. Please check settings