დღეს დიდი მატჩი გვაქვს: ესპანეთს ვეთამაშებით გადაჭედილ „დინამოზე“ და იმედინადაც ვართ. მეტოქის სიძლიერის მიუხედავად, მისაღებ შედეგზე ფიქრი რთულია, მაგრამ შესაძლებელი. ვნახოთ, ყველაფერი საღამოს გამოჩნდება, მანამდე კი ესპანეთის ნაკრები დილით დაუგეგმავად ივარჯიშებს. დაუგეგმავად იმიტომ, რომ დაგეგმილი იყო ვარჯიში ტრადიციულად წინა საღამოს გამართულიყო, მაგრამ ესპანელ ფეხბურთელებს სათანადო ეკიპირება არ ჰქონდათ და ვარჯიშიც გადაიდო.
სტუმრების ინვენტარიანი ტვირთი საქართველოში დროულად ვერ ჩამოვიდა და ესპანეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი იძულებული გახდა, ვარჯიში თამაშის დღეს, დილისთვის გადაედო.
როგორც გაირკვა, მათი ტვირთი მადრიდიდან არ გამოაგზავნეს და გუნდი ბუცების და ხელთათმანების გარეშე დარჩა. ესპანელებმა მოედანზე ბურთების გარეშე ივარჯიშეს და გასახდელში გავიდნენ.
ესპანური მედიის ცნობით, საფეხბურთო ამუნიციას დილით ჩამოუტანენ, რის შემდეგაც ივარჯიშებენ კიდეც.
ესპანურმა „მარკამ“ კი წინა შემთხვევაც გაიხსენა, როდესაც 2021 წლის მარტში „დინამო არენაზე“ განათების გათიშვის გამო, ესპანელების ვარჯიში ჩაიშალა. სტუმრებმა ვერ ივარჯიშეს, ტელეფონის შუქზე შხაპი მიიღეს და სასტუმროში დაბრუნდნენ.
საქართველოსა და ალბათ მაინც ბუცებიანი ესპანეთის სავარაუდოდ განათებულ სტადიონზე მატჩი 20:00 საათზე დაიწყება.
GIPHY App Key not set. Please check settings