ესპანელი ჟურნალისტები უკვე მტკიცებით ფორმაში წერენ, რომ მალე დასრულდება საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარის, გიორგი მამარდაშვილის კარიერა “ვალენსიაში”.
ქართველმა გოლკიპერმა “ღამურების” შემადგენლობაში მორიგი შესანიშნავი შეხვედრა ჩაატარა. ლა ლიგაში ადგილის შენარჩუნებისთვის მებრძოლმა “ვალენსიამ” უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა “სელტასთან” გასვლით შეხვედრაში. გიორგი იმ მატჩში ერთ-ერთი გამორჩეული გახლდათ. მან ხუთჯერ გადაარჩინა თავისი გუნდი.
ესპანურმა Eldesmarque.es-მა ქართველი ფეხბურთელის შესახებ ძალიან საინტერესო წერილი გამოაქვეყნა, სადაც ჩვენთვის ბევრი სასიამოვნო რამ წერია. მათ შორის, ისიც, რომ მამარდაშვილი ბოლო შეხვედრებს ატარებს “ვალენსიაში”, მისი გადაბირება კი თვით “მანჩესტერ იუნაიტედს” სურს, რომელიც ქართველ მეკარეს დავიდ დე ხეას შემცვლელად განიხილავს:
“შეიძლება თამამად ითქვას, რომ გიორგი მამარდაშვილმა კიდევ ერთ შეხვედრაში გადაარჩინა “ვალენსია”. ქართველმა მეკარემ გადამწყვეტი როლი ითამაშა ვიგოში გამართულ შეხვედრაში, რომელშიც მისმა გუნდმა “სელტა” დაამარცხა. ქართველი გოლკიპერის დიდი დამსახურებაა ის, რომ ვალენსიელებმა ლა ლიგაში დასარჩენი პირველი “ფინალი” მოიგეს.
ყველაფერი იქეთკენ მიდის, რომ გიორგი მამარდაშვილი ბოლო შეხვედრებს ატარებს “ვალენსიას” შემადგენლობაში. მის მიმართ ყველაზე დიდი ინტერესი ინგლისური პრემიერლიგიდანაა. მაგალითად, “მანჩესტერ იუნაიტედი” მას დავიდ დე ხეას შემცვლელად განიხილავს. ასევე, მის მიმართ ინტერესს იჩენენ “ტოტენჰემი”, “ჩელსი” და “ლესტერი”.
მამარდაშვილი პირველი წერია “ვალენსიას” მიერ ზაფხულში გასაყიდ ფეხბურთელებს შორის. ამავე სიაშია იუნუს მუსაც. სწორედ მამარდაშვილისა და მუსას გაყიდვით აპირებს “ვალენსია” ფინანსური პრობლემების მოგვარებას.
მამარდაშვილი მთელი სეზონის განმავლობაში შესანიშნავად თამაშობს და ის კარგი იყო “სელტასთან” მატჩშიც. მას შემდეგ, რაც “ვალენსიას” შემადგენლობაში ჯასტინ კლუივერტმა გამოიჩინა თავი, “სელტამ” მეტოქეს დიდი ძალებით შეუტია.
მასპინძლებმა ვერ შეძლეს ქართველი მეკარის ბარიერის გადალახვა, რომელიც მათ ყველა დატყმულს უკუაგდებდა. შეხვედრის პირველ ნახევარში მამარდაშვილმა არ გაატანინა კარლოს პერესს, მეორე ტაიმში ქართველს საქმე კიდევ უფრო მეტი ჰქონდა. მან შესანიშნავად ითამაშა ჰარის სეფეროვიჩის დარტყმის მერე, ხოლო როცა ამ უკანასკნელმა კუთხურის შემდეგ შეუტია “ვალენსიას” კარს, გიორგის ბევრი არაფრის გაკეთება შეეძლო.
მიუხედავად სოლიდური სიმაღლისა, მას შემდეგ, რაც “ვალენსიაში” გადმოვიდა, ქართველი მეკარის მთავარი ნაკლი გამოსვლებზე თამაში იყო, მაგრამ მან ამ კომპონენტშიც კარგად წარმოაჩინა თავი. რამდენიმე მომენტში შესანიშნავად ითამაშა სწორედ გამოსვლებზე და შანსი აღარ მისცა “სელტას” მოთამაშეებს. რაც შეეხება კარის ხაზზე თამაშსა და რეაქციას, კითხვები არც სხვა დროს ყოფილა და კვირას ერთხელაც ვნახეთ, რომ მართლაც შესანიშნავი რეაქცია აქვს კარის ხაზზე”.
ისე ჩანს, ამ ზაფხულს გიორგი მამარდაშვილის კარიერაში ძალიან ბევრი რამ შეიცვლება და ვინ იცის, წლების შემდეგ პრემიერლიგაში ისევ გვყავდეს ქართული “ჯილა”…
lelo.ge
GIPHY App Key not set. Please check settings