გაბრიელ სიგუა ერთწლიანი იჯარით შვეიცარიის სუპერლიგის კლუბ „ლოზანაში“ ითამაშებს – ინფორმაციას Geo Team-ი ავრცელებს.
საფეხბურთო გვერდის ცნობით, საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების და „ბაზელის“ 20 წლის ნახევარმცველი ლოზანაში ჩავიდა, 18 აგვისტოს კი სამედიცინო შემოწმებას გაივლის.
სიგუამ ფეხბურთის თამაში „რუსთავის“ საფეხბურთო აკადემიაში დაიწყო, საიდანაც ჯერ – „საბურთალოში“, 13 წლისა კი „დინამო თბილისის“ აკადემიაში გადავიდა. 2021 წელს 17-წლამდელ ფეხბურთელთა შორის ალექსანდრე ჩივაძის მედლის მფლობელი გახდა, რომელიც წლის საუკეთესო ახალგაზრდა ქართველ ტალანტს გადაეცემა.
2022 წლის 7 აგვისტოს „დინამო თბილისში“ სადებიუტო თამაში ჩაატარა, 2023 წლის 25 ივლისს კი „ბაზელთან“ ხუთწლიანი კონტრაქტი გააფორმა.
სიგუა საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების ფეხბურთელი და ევრო 2025-ის მონაწილეა, ხოლო 2024 წლის ევროპის ჩემპიონატზე ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში იყო.
1tv.ge
GIPHY App Key not set. Please check settings