იშვიათია დღეს ფეხბურთში ასეთი თამაშები: ინტრიგა, ტემპი, გოლები, გაუთავებელი შეტევები, მოტივაცია, სისწრაფეები, აზარტი, ემოციები და ეს ყველაფერი ერთ შეხვედრაში. გერმანიის მთავარმა გუნდებმა შესანიშნავი სანახაობა მოაწყვეს. დორტმუნდის „ბორუსიას“ და „ბაიერნის“ პირველმა ტაიმმა ისე გაირბინა, გეგონებოდა 5 წუთის დაწყებული იყო. ბურთი არ ჩერდებოდა არა თუ მოედნის შუაში, ისედაც სულ თამაშში იყო და მუდმივად ხან ერთის კარს ემუქრებოდაა, ხან მეორეს. ცუდი ის არის, რომ ბოლოს მაინც ვერ აცდა სკანდალს: მასპინძლები მსაჯს მისდგნენ. არა მარტო მატჩისშემდგომი კომენტარებით, შეხვედრის მსვლელობისას არბიტრს „ბორუსიას“ მწვრთნელი მარკო როზე გადაეკიდა და იმდენი ქნა თავიც გააგდებინა, თუმცა ემოციებს აყოლილი მწვრთნელი ტრიბუნიდან მაინც ბევრს ყვიროდა.
მთავარი ამბავი მარკო როისის წაქცევისთვის არდანიშნულ პენალტს მოყვა. მატჩის მერე მსაჯმა ცვაიერმა აღნიშნა, რომ ის ფეხბურთელებს ორთაბრძოლების საშუალებას აძლევდა და ამიტომ არ დადო პენალტი. დორტმუნდელთა მწვრთნელმა კი თქვა, რომ ეს სუფთა 11-მეტრიანი იყო.
ადგილობრივი მცირე პუბლიკა (გერმანიაში სტადიონზე მცირე რაოდენობის მაყურებელია დაშვებული ახალი რეგულაციებით) ერთ დროს თავის ჯილა ლევანდოვსკის ისე გაუწყრა, რომ მის გასამწარებლად სულ – მესი, მესი, მესი – ეძახა. გადამწყვეტი და საკამათო პენალტი კი სწორედ პოლონელმა გაიტანა…
ახლა ცხრილში „ბაიერნი“ 4 ქულით გაექცა „ბორუსიას“, რომელიც თავის მხრივ ზედიზედ 3 თამაშის მომგებ „ბაიერს“ 3 ქულით უსწრებს.
გოლები: 1:0 ბრანდტი (5., ბელინგემი), 1:1 ლევანდოვსკი (9., მიულერი), 1:2 კომანი (44.), 2:2 ჰაალანდი (48., ბელინგემი), 2:3 ლევანდოვსკი (76., პენ, ჰუმელსის ხელით თამაში – VAR)
ცოტა სტატისტიკა:
კარისკენ დარტყმა: 11 – 16
კარში დარტყმა: 4 – 6
კუთხური: 4 – 6
სეივი: 3 – 2
შეტევა: 86 – 92
სახიფათო შეტევა: 46 – 52
„ბაიერნმა“ ზედიზედ მეშვიდედ მოუგო „ბორუსიას“. მიუნხენელებს ბოლო 20 მატჩში 15 ჰყავთ დორტმუნდელები დამარცხებული.
ლევანდოვსკის ბუნდესლიგაში, გასვლით მატჩებში 118 გოლი აქვს გატანილი. მან ფიშერის რეკორდი გააუმჯობესა.
ჰაალანდი 2021 წელს გოლებით რონალდოს დაეწია – 45 გოლი. ლევანდოვსკის 66 აქვს, მესის – 41.
ნაგელსმანი: „დამსახურებული გამარჯვება. პენალტი უეჭველი იყო“.
ნაგელსმანი მესი, მესი-ს ძახილზე: „ლევანდოვსკიმ მათ გადამწყვეტი გოლების გატანით უპასუხა“.
ჰაალანდი: „მსაჯობა სკანდალური იყო. მსაჯს ვკითხე: რატომ არ ნახავთ ვიდეოგამეორებას?“ მან ქედმაღლურად მიპასუხა: „არ არის ამის საჭიროება“.
ჯუდ ბელინგემი: „გერმანიის მთავარ მატჩს აძლევთ არბიტრს, რომელსაც ჩაწყობილი თამაში ჰქონდა. რას ელოდებით?“
ამ მატჩზეც უნდა ითქვას. ზედიზედ სამი წაგების შემდეგ “ფრაიბურგმა” მოიგო. მაგრამ მოგებაც არის და მოგებაც. ფრაიბურგელები სტუმრად გლადბახის “ბორუსიასთან” ჩავიდნენ და… 6:0 მოუგეს. ეს 6-ვე გოლი… პირველ ტაიმში გავიდა: 2-დან 37-ე წუთამდე. 12 წუთში უკვე 3:0 იყო, 19 წუთში – 4:0 და ა.შ. “ფრაიბურგი” ამ გამარჯვებით ოთხეულში დაბრუნდა.
ბუნდესლიგა – XIV ტური
უნიონი – ლაიპციგი 2:1
მაინცი – ვოლფსბურგი 3:0
ჰოფენჰაიმი – აინტრახტი 3:2
ლევერკუზენი – ფიურტი 7:1
აუგსბურგი – ბოხუმი 2:3
არმინია – კიოლნი 1:1
დორტმუნდი – ბაიერნი 2:3
შტუტგარტი – ჰერტა 2:2
გლადბახი – ფრაიბურგი 0:6
GIPHY App Key not set. Please check settings