დღეიდან ქართული კლუბებისთვის ევროსეზონი იწყება. პირველი თამაში ქვეყნის ჩემპიონ თბილისის „დინამოს“ უწევს, რომელიც ასტანაშია და დღეს 18:00 საათზე შეხვდება ყაზახეთის ჩემპიონს. ეს ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპია.
მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.
„დინამო “ ასტანაში 11 ივლისს, ჩარტერული რეისით გაემგზავრა, მატჩამდე გუნდმა „ასტანა არენაზე“ ივარჯიშა.
დავით სხირტლაძე:
„გუნდისთვის მნიშვნელოვანი ეტაპი იწყება. მოთამაშეები ოპტიმალურ ფორმაში ვართ. საინტერესო მატჩი იქნება, ვეცდებით, წარმატებას მივაღწიოთ, რათა საპასუხო მატჩის წინ სასურველი უპირატესობა შევიქმნათ“.
ჯიმი ტაბიძე:
„კარგ განწყობაზე ვართ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. მჯერა, „ასტანასთან“ თითოეული ფეხბურთელი მაქსიმალურად დაიხარჯება და ვეცდებით, სასურველ შედეგს მივაღწიოთ“.
მწვრთნელებმა კი მატჩის წინა პრესკონფერენცია გამართეს.
გიორგი ჭიაბრიშვილი:
„ძალიან სერიოზულად ვემზადებით, ვიცით, რომ ძლიერ გუნდს ვეთამაშებით, ისიც ვიცით, რომ მომდევნო ეტაპზე გასასვლელად მაქსიმუმზე მეტი უნდა გავაკეთოთ“.
გრიგორი ბაბაიანი („ასტანას“ მთავარი მწვრთნელი):
„ძალიან რთულ მატჩს ველით და „დინამოს“ ძალაც ვიცით. მეტოქის თამაში შევისწავლეთ, ესაა გუნდი სერიოზული მოთამაშეებით.
ვფიქრობ, შანსები თანაბარია, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ სახლში ვთამაშობთ, უნდა მოვიგოთ“.
ბარემ ვთქვათ, რომ ხვალ კიდევ სამი ქართული კლუბი ჩაერთვება ევროტურნირებზე.
„ტორპედო“ – „სარაევო“: 21:00 სთ (პირდაპირი პირველ არხზე).
„დუნაისკა სტრედა“ – „დილა“: 21:30 სთ
„ტირანა“ – „დინამო“ (ბათუმი): 22:00 სთ
GIPHY App Key not set. Please check settings