in

ევროპის ჩემპიონატზე ძლიერი გუნდი გვეყოლება: რა მიზანი აქვს ახალგაზრდულ ნაკრებს საშინაო ევროზე

ახლოვდება ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატი, რომლის თანამასპინძელი ჩვენი ქვეყანაცაა და ამ მოვლენას მოუთმენლად ელოდება გულშემატკივარიც, რასაც ერთი ორად ისიც აძლიერებს, რომ ეროვნული ნაკრების წამყვან ფეხბურთელებს აქვთ უფლება ითამაშონ 21 წლამდელთა ჩემპიონატზე. ცუდად კი დაემთხვა ეროვნული ნაკრებისა და ახალგაზრდულის თამაშები, მაგრამ როგორც საქმის ვითარებას ეტყობა, ლიდერები გუნდს მეორე ტურიდან შეუერთდებიან.

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, რამაზ სვანაძემ ევრო 2023-ისთვის გუნდის მზადებაზე საქართველოს პირველი არხის გადაცემა „საფეხბურთო ტაიმაუტში“ ისაუბრა.

რამაზ სვანაძე:

„ეროვნული ნაკრების ხელმძღვანელობამ წიტაიშვილი, საზონოვი და სიგუა დაგვითმო. დანარჩენებს რაც შეეხება, ისინი შოტლანდიასთან მატჩის შემდეგ შემოგვიერთდებიან. უახლოეს ხანში შემადგენლობა უნდა დავასახელოთ და საზოგადოება გაიგებს, მეორე ტურიდან ეროვნული ნაკრების რომელი მოთამაშეები დაგვემატებიან.

ევროპის ჩემპიონატზე თამაში ყველას სურს და ეს გასაკვირი არაა, რადგან მასპინძლები ვართ. საზოგადოებაში აჟიოტაჟი იგრძნობა და ყველა ფეხბურთელს უნდა, რომ საკუთარი მაყურებლის წინაშე თავი გამოიჩინოს.

სამწუხაროდ, ეროვნული და ახალგაზრდული ნაკრების თამაშები დაემთხვა და მზადების გეგმა შეგვეცვალა, ეს უკვე ფაქტია და ამასთან შეგუება გვიწევს. რაც მთავარია, ეროვნული ნაკრების წევრებს, გიორგი გოჩოლეიშვილს, ირაკლი აზაროვსა და ლუკა გაგნიძეს 21-წლამდელებში დიდი დრო აქვთ გატარებული და ადაპტაციის პრობლემა არ ექნებათ.

რჩება ეროვნული ნაკრების ოთხი ლიდერი (გიორგი მამარდაშვილი, ზურიკო დავითაშვილი, ხვიჩა კვარაცხელია, გიორგი მიქაუტაძე). ეს ბიჭები 17-წლამდელთა ნაკრებიდან ერთად მოდიან, როდესაც მათი მწვრთნელი გიორგი ნემსაძე იყო და ძალიან კარგი შედეგები ჰქონდათ.

19-წლამდელბში, მამარდაშვილისა და მიქაუტაძის გარდა, უკვე ჩემი ხელმძღვანელბით თამაშობდნენ. ამ ბიჭების დამატებით გუნდის თავდაჯერებულობა ერთიორად ამაღლდება. იმ მოთამაშეების იმედი მაქვს, ვინც ბოლო ორი წლის განმავლობაში ჩვენთან იყო, მაგრამ გაძლიერება ნებისმიერ გუნდს სჭირდება. დარწმუნებული ვარ, ევროპის ჩემპიონატზე ძლიერი გუნდი გვეყოლება.

ევროპის ჩემპიონატზე გვჭირდება ის ფეხბურთელები, რომლებიც კლუბებში მუდმივად თამაშობდნენ. ეს საბოლოო განაცხადზე გავლენას მოახდენს. ჩვენ მათ სათამაშო ფორმაზე ვართ დამოკიდებული. 15 ივნისს თბილისში კვიპროსთან ამხანაგური მატჩი გველის, რაც მნიშვნელოვანია, რადგან ბოლო მატჩი მარტში გვქონდა.

ოლიმპიადის საგზური? ფეხბურთში გამორიცხული არაფერია. ჩვენთვის უპირველესი ამოცანაა, ყველა მატჩს სრულ მზადყოფნაში შევხვდეთ. ჯგუფში სამივე თამაში ურთულესი იქნება. მთავარია, ვაჩვენოთ ჩვენი სახე და ფეხბურთი, რასაც პირველ ეტაპზე საკმაოდ ძლიერ მეტოქეებთან ვახერხებდით.

ტურნირს პორტუგალიასთან თამაშით ვხსნით. მათთან ამხანაგური მატჩი ვითამაშეთ, გვსურდა, ჩვენი თავი გამოგვეცადა. ძალიან რთული მატჩი იქნება და შესაბამისად ვემზადებით.

ნიდერლანდები და ბელგიაც საკმაოდ გაძლიერდნენ, რადგან ეს ევროპის ჩემპიონატზე ჩვეულებრივი მოვლენაა. თუ ეს ნაკრებები ფიქრობენ გაძლიერებაზე, ჩვენ რატომ არ უნდა ვიფიქროთ?“

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ჩემპიონთა ლიგა სეზონის საუკეთესო გუნდმა მოიგო: სიტიმ და გვარდიოლამ წელს ყველაფერი აიღეს

ვის და რას ელაპარაკება დე ლაურენტისი: ნაპოლის ახალი მწვრთნელების ვარიანტი და… სერხიო რამოსი