in

ევროპა ქულით დავიწყეთ: ნორვეგიამ საქართველოს გზის სირთულე აჩვენა – 1:1

საქართველოს ნაკრებმა ევრო 2024-ის შესარჩევი ეტაპის პირველი შეხვედრა შინ ფრედ 1:1 დაასრულა ნორვეგიასთან. ასეთ დროს ორი ვარიანტია ხოლმე: საქართველომ ნორვეგიას ვერ მოუგო ან საქართველომ ნორვეგიასთან არ წააგო. ვაღიაროთ, ამ შემთხვევაში მეორე ვარიანტი უფრო შეესაბამება. საქართველომ, რბილად რომ ვთქვათ, ვერ აჯობა მეტოქეს და რომ არა იღბალი, სულაც ხელმოცარულები დავრჩებოდით.

28 მარტი. ბათუმი. „აჭარაბეთ არენა“
საქართველო – ნორვეგია 1:1
გოლები: 0:1 სიორლოტი (15), 1:1 მიქაუტაძე (60)

საქართველო: მამარდაშვილი, კვირკველია, კაშია, ტაბიძე (ლობჟანიძე 59), კაკაბაძე, დავითაშვილი (ზივზივაძე 59), კვეკვესკირი, აბურჯანია (გაგნიძე 90), აზაროვი (გოჩოლეიშვილი 70), კვარაცხელია, მიქაუტაძე (ბერიძე 90)

ნორვეგია: ნილანდი, მეილინგი, სტანდბერგი, ესტეგორი, პედერესენი (რიერსონი 90+5), ეურსენსი, ბერგი (ტორსვედტი 90+5), ედეგორი, სოლბაკენი (ბრინჰილდსენი 82), ელიუნუსი (ბერგი 77), სორლოტი

უამრავი გუნდი ჩამოსულა საქართველოში, მაგრამ რაც ნორვეგიამ პირველ ტაიმში ითამაშა, ჩვენში ნამყოფ მასზე გამოცდილ და ტიტულიან გუნდებსაც კი შეშურდებოდათ. ბურთზე სრული კონტროლი, პასები, გათამაშება, გახსნა, ფლანგების გამოყენება, ბურთის ართმევა… რა არ გამოსდიოდათ სტუმრებს და ჩვენები თამაშგარეთ დატოვეს. აი გვარდიოლას გუნდებმა რომ იციან, მასეთი დომინაცია ჰქონდათ ნორვეგიელებს. კიდევ კარგად გადავრჩით, რომ მხოლოდ ერთი გოლი გავუშვით. მე-15 წუთზე სორლოტი შუისკენ შეიწია და მამარდაშვილისგან მარცხენა დაბალ კუთხეში ზუსტად ჩასვა.

ნორვეგიას არც საკმაოდ სწრაფი გოლის მერე დაუხევია უკან და კონტროლს უპრობლემოდ განაგრძობდა. ჩვენები ძირითადად მოგერიებით იყვნენ დაკავებული, შესაბამისად ბურთი არ გვეჭირა და კვარცხელიასაც დიდად არ მისცემია შანსი ხიფათი შეექმნა. ხვიჩას ბურთის ასართმევად ფუჭი სირბილი უფრო უწევდა, ვიდრე იმის კეთება, რასაც „ნაპოლიში“ მიეჩვია, როდესაც ბურთი სულ თანაგუნდელებს აქვთ და მასაც არაერთხელ ეძლევა საშუალება თამაში გაამწვავოს. თუმცა ერთ ეპიზიდში, 38-ე წუთზე მაინც ჰქონდა შანსი, მაგრამ მისი ჩვეული მანერით დარტყმული კარის ბადეს ზემოდან მოხვდა.

პირველ ტაიმში სტუმრებმა ერთი 100%-იანი მომენტი გაანიავეს, როდესაც ძალიან ახლოდან, ელიუნუსის დარტყმული მამარდაშვილს სახეში მოხვდა. მოკლედ აშკარა იყო, რომ მეორე ნახევარში რაღაც უნდა შეცვლილიყო.

და შეიცვალა კიდეც: საქართველო გამოკეთებული დაბრუნდა და ბურთით თამაში უკვე ჩვენც დავიწყეთ. ხვიჩაც გააქტიურდა და მიეცა კიდეც შესაძლებლობა, მაგრამ ერთი-ორჯერ დარტყმა არ გამოუვიდა. ისე მუდმივად დაძაბულად კი ჰყავდა ოპონენტები, რომლებიც ცდილობდნენ პარტნიორი ქართველთან მარტო არ დაეტოვებინათ და რამდენიმე მეურვე ერთდროულად მიდიოდა. სამწუხაროდ, ასეთ ეპიზოდებში რიცხობრივი შექმნილი უპირატესობის გამოყენება ვერ მოხერხდა.

სამაგიეროდ მომენტი გამოიყენა და თან როგორ მიქაუტაძემ. თითქოს არაფერი ხიფათი არ იქმნებოდა, როდესაც გიორგიმ კვეკვესკირისგან ბურთი კარიდან საკმაოდ შორს მიიღო, მაგრამ თავით გაიგდო და ერთი ერთზე გასვლის შანსი ისე გამოიყენა, რომ ბურთი კორპუსით კარგად ჩაკეტა და არც იმ მეტოქეს მისცა დაწევის შანსი, რომელიც მისდევდა და არც იმას ვინც დასახმარებლად წამოეწია – მიქაუტაძეს მთავარიც გამოუვიდა: კარში ისე დაარტყა, რომ მეკარეს კი შეეხო ბურთი, მაგრამ ბადეში მაინც გაეხვა – 1:1.

და დაიწყო ნერვების ომი: იშტაზე მოვიდა გულშემატკივარი, ფეხბურთელებსაც გული მიეცათ და რატომაც არ უნდა გვეცადა მეორე გოლის გატანა, მაგრამ ნორვეგიასაც მოგება სურდა და ისეთი შანსები მიეცათ, როგორ ვერ გაიტანეს საკვირველია. ორჯერ ისევ გოლის ავტორ სორლოტს შეეძლო თავის გამოენა, შემდეგ კი ნორვეგიელთა ლიდერს და მშვენივრად მოთამაშე ედეგორს, რომელმაც ხუთიოდ მეტრიდან ლამის ცარიელ კარში ააცილა. მამარდაშვილს კი მოგერიებული ბურთებისთვის მადლობის მეტი რა ეკუთვნის.

სულ ბოლოს კი, უკვე წამატებული დროც რომ იწურებოდა, ლამის მთელი 2 წუთი VAR ჩვენს კარში დასანიშნ პენალტს ამოწმებდა. გადავრჩით.

მოკლედ, გამოვიდა, ურთულესი, დაძაბული, სანერვიულო მატჩი, მაგრამ თუ გინდა ევროპაში გაერიო, მაშინ სწორედ ასეთი რთული გზის გავლაა საჭირო – დაუღალავი ბოლომდე ბრძოლის, შემართების, გუნდური თამაშის, ცოტაც ფორტუნას გზა – როგორც ფეხბურთში, ისე ცხოვრებაშიც…

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

კონმებოლის ოფისში მესის ქანდაკება დადგეს: პელეს და დიეგოს გვერდით – ვარსკვლავების ღამე

როგორ შეაფასეს ჩვენების თამაში