in

დუდა სანაძე: ევრობასკეტზე საქართველო საჩუქარი არავისთვის იქნება

საქართველოს საკალათბრთო ნაკრებმა 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი დაიწყო. შესარჩევი ციკლის პირველ სანაკრებო ფანჯარაზე ილიას ზუროსის გაწვრთნილმა გუნდმა თბილისში უკრაინა 88:83 დაამარცხა, მეორე მატჩი კი, ესპანეთის ქალაქ ხეანში ესპანეთთან 61:89 წააგო.

აღნიშნულ შეხვედრებში კორონავირუსის შემდგომი გართულებების გამო, ჩვენს ნაკრებს დუდა სანაძე ვერ ეხმარებოდა.

დუდა დღეს სერბეთიდან სატელეფონო ზარის საშუალებით “ავტორადიოს” დილის ეთერს სტუმრობდა. კალათბურთელმა საქართველოს ნაკრებზე, ევრობასკეტსა და კარიერაზე ისაუბრა.

დუდა, უპირველეს ყოვლისა, ჯანმრთელობაზე გკითხავთ. როგორც ვიცით, პოსტკოვიდური გართულებების გამო გარკვეული ჯანმრთელობის პრობლემები გქონდათ. ახლა როგორ გრძნობთ თავს?

დიდი მადლობა მოკითხვისთვის. ამ ეტაპზე თავს კარგად ვგრძნობ და ჯანმრთელობის მხრივ პროგრესი მაქვს. სამწუხაროდ, კორონავირუსის შემდეგ გულის არითმიასთან დაკავშირებული პრობლემები მქონდა და საქართველოს ნაკრების თამაშებშიც ვერ მივიღე მონაწილეობა, ახლა თავს კარგად ვგრძნობ და თანდათან ექიმების მეთვალყურეობით ვარჯიშსაც დავიწყებ.

მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში საქართველოს ნაკრების ჩატარებულ შეხვედრებს როგორ შეაფასებთ?

მიმაჩნია, რომ არსებული სიტუაციის გათვალისწინებით, რაც რამდენიმე მოთამაშის არყოფნას ეხება, საკმაოდ წარმატებული ფანჯარა გვქონდა. უკრაინასთან ძალიან მნიშვნელოვანი თამაში მოვიგეთ, რამეთუ დიდწილად სწორედ ამ შეხვედრამ შეიძლება გადაწყვიტოს მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლა. ესპანეთთან სუსტი თამაში ვაჩვენეთ. თან თორნიკე შენგელია გამოგვაკლდა, რომელიც ჩვენი ნაკრებისთვის დიდი ძალაა. მჯერა, რომ საქართველო ოპტიმალური შემადგენლობით ესპანეთთანაც უკეთეს კალათბურთს აჩვენებს და ნებისმიერი მეტოქისთვის ანგარიშგასაწევი ძალა იქნება.

ქართველი გულშემატკივარი სულმოუთქმენლად ელის ევრობასკეტს, რომლის ერთ ჯგუფსაც თბილისი უმასპინძლებს. როგორი მოლოდინი გაქვთ ევროპის ჩემპიონატისგან და რა იქნება საქართველოს ნაკრების მიზანი.?

ევრობასკეტი მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ, ყველაზე დიდი საკალათბურთო ტურნირია. ის, რომ ევრობასკეტის ერთ-ერთი მასპინძელი თბილისია, ჩვენს მოტივაციას ასმაგად ზრდის. წინასწარ ძალიან რთულია პროგნოზის გაკეთება, მაგრამ ქომაგებს ვპირდებით, რომ თითოეულ მატჩში ბოლომდე ვიბრძოლებთ. მთავარია ჯანმრთელები და ყველა კარგ ფორმაში შევხვდეთ ევრობასკეტს. პირველ რიგში, ესაა პრიორიტეტული და ამ შემთხვევაში საჩუქარი არავისთვის ვიქნებით.

თქვენ, უკვე ნაკრების გამოცდილი მოთამაშე ხართ და თქვენი აზრიც გვაინტერესებს ნაკრებში მიმდინარე აქტიურ თაობათა ცვლის პროცესზე, ასევე ილიას ზუროსის შესახებ რას იტყვით?

თაობათა ცვლის პროცესი მე ვიტყოდი, რომ უმტკივნეულოდ მიმდინარეობს. იმ “ოქროს თაობის” შემდეგ, როდესაც საქართველოს ნაკრები ისეთმა გამორჩეულმა მოთამაშეებმა დატოვეს, როგორებიც: ზაზა ფაჩულია, მანუჩარ მარკოიშვილი, ვიქტორ სანიკიძე და სხვები არიან, მათი ასე უცებ და სრულფასოვნად ჩანაცვლება ძალიან რთულია და გარკვეულწილად შედეგებიც დაგვივარდა, მაგრამ მოდიან საკმაოდ კარგი, მონდომებული ახალგაზრდები და ვფიქრობ ამ ფორმაციის ნაკრებით დონე მაინც შევინარჩუნეთ.
ილიას ზუროსი კი, თავისი საქმის უდაო პროფესიონალია. ძალიან კარგი ურთიერთობა აქვს მოთამაშეებთან და ნაკრებში კარი არავისთვისაა დახურული.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ყაზაიშვილის აღიარება სამხრეთ კორეაში

მამარდაშვილი მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებულ 23-წლამდელ მეკარეთა შორისაა