გიორგი ნემსაძე თბილისის “დინამოს” მწვრთნელი აღარ არის. 49 წლის სპეციალისტი ამერიდან კლუბის სპორტული დირექტორის თანამდებობაზე იმუშავებს.
გადაწყვეტილების მიღებისას “დინამოს” ხელმძღვანელობამ მხედველობაში კლუბის ბოლო დროინდელი შედეგები მიიღო. “დინამო” თასიდან ქობულეთის “შუქურასთან” დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა, შემდეგ კი ეროვნულ ლიგაში ლიდერობა დაკარგა, როცა სტუმრად ბათუმის “დინამოსთან” წააგო.
გიორგი ნემსაძის გაწვრთნილმა გუნდმა 23 მაისს გორში, “დილას” წინააღმდეგ უშანსოდ წააგო. მატჩის შემდეგ კომენტარი არა გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, არამედ მისმა ასისტენტმა ზაურ სვანაძემ გააკეთა, რომელმაც თქვა, რომ “დინამო” ასეთი თამაშით შორს ვერ წავა და გუნდმა, მიმდინარე წელს ყველაზე ცუდი მატჩი ჩაატარა.
გიორგი ნემსაძემ “დინამოს” 17 ოფიციალურ შეხვედრაში უხელმძღვანელა, საიდანაც 11 მოიგო, 5 წააგო 1 კი ფრედ დაასრულა. 49 წლის სპეციალისტმა, რომელმაც ეროვნული ლიგის მიმდინარე სეზონის 15 შეხვედრაში ორჯერ მიიღო წითელი ბარათი, “დინამოსთან” ერთად ტიტულის მოგებაც მოახერხა, როდესაც სეზონის გახსნით შეხვედრაში მისმა გუნდმა სუპერთასისთვის ბრძოლაში “გაგრას” 11-მეტრიანების სერიაში აჯობა.
ამრიგად, რომან ფიფიას მმართველობის პერიოდში, “დინამოს” მეთვრამეტედ (18!) მოუწევს მთავარი მწვრთნელის მოძებნა.
GIPHY App Key not set. Please check settings