სამხრეთ კორეის K LEAGUE 1-ის მე-13 ტურში ვაკო ყაზაიშვილის „ულსან ჰიუნდაიმ“ „სეულს“ უმასპინძლა და 3:2 მოუგო. ქართველმა შემტევმა დუბლი შეასრულა.
ჩვენიანმა მეტოქის კარი 49-ე და 68-ე წუთებზე აიღო. მიმდინარე სეზონში 30 წლის ქართველი ფეხბურთელის ანგარიშზე უკვე ზუსტი 5 გოლია.
ყაზაიშვილის გუნდი ჩემპიონატს დამაჯერებლად ლიდერობს.
ბუდუ ზივზივაძის „კარლსრუე“ მეორე ბუნდესლიგაში სტუმრად „ჰოლშტეინ კილს“ დაუპირისპირდა და 1:2 დამარცხდა. საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი სათადარიგოთა სკამზე იყო და მოედანზე 72-ე წუთზე შევიდა.
32 ტურის შემდეგ „კარლსრუე“ 42 ქულით მე-9 ადგილზეა და მეორე ბუნდესლიგის დასრულებამდე ორი ტურით ადრე ლიგიდან დაქვეითების საფრთხე აღარ ემუქრება.
აზერბაიჯანის ჩემპიონი გახდა ლუკა გუგეშაშვილი, რომლის „ყარაბაღმა“ სტუმრად „საბაილი“ 3:0 დაამარცხა, 87 ქულა დააგროვა, დავით ვოლკოვის „საბაჰისთვის“ (77) მიუწვდომელი გახდა და ჩემპიონის ტიტული ვადაზე ადრე გაინაღდა. ლუკას ამ მატჩში მონაწილეობა არ მიუღია.
გრაცის „შტურმმა“ ავსტრიის ჩემპიონატში „კლაგენფიურტი“ დიდი ანგარიშით დაამარცხა – 4:1. ოთარ კიტეიშვილი ძირითად შემადგენლობაში იყო და 84 წუთი ითამაშა. ჩვენიანმა საკმაოდ მაღალი შეფასება მიიღო – 7,1.
„შტურმი“ 29 ტურის შემდეგ 39 ქულით მე-2 ადგილზეა და ლიდერს „ზალცბურგს“ მხოლოდ 3 ქულით ჩამორჩება.
პორტუგალიაში „ჟილ ვისენტემ“ 3:1 დაამარცხა „ბოავიშტა”. გიორგი აბურჯანიამ 61-ე წუთიდან ითამაშა.
უკრაინაში „შახტარმა“ სტუმრად 2:0 აჯობა „ინჰულეცს“. სტუმრათა რიგებში გიორგი გოჩოლეიშვილმა მე-60 წუთიდან ითამაშა.
ოთარ კაკაბაძემ შეუცვლელად ითამაშა „კრაკოვიას“ რიგებში, რომელიც გიორგი გაფრინდაშვილის (სათადარიგო იყო) „ზაგლემბიესთან“ 0:1 დამარცხდა. კაკაბაძის შეფასება 6.5-ია.
მეორე ტაიმი ითამაშა სერბეთის უკვე გაჩემპიონებულ „ცრვენა ზვეზდაში“ ირაკლი აზაროვმა, რომელმაც „ვოივოდინას“ მოუგო 2:1.
ლაშა დვალმა კვიპროსის ჩემპიონატში მორიგი გოლი გაიტანა და „აპოელს“ ლარნაკას აეკ-თან უმნიშვნელოვანესი სამი ქულა მოუტანა – 2:1.
34-ე ტურის შეხვედრაში „აპოელის“ ძირითად შემადგენლობაში გიორგი ქვილითაია (მე-80 წუთზე შეცვალეს) და ლაშა დვალი იყვნენ, ხოლო მურთაზ დაუშვილი სათადარიგოებში დარჩა.
ქართველების გუნდს ანგარიშის გათანაბრების რეალური შანსი 21-ე წუთზე მიეცა, როდესაც ქვილითაიას წაქცევისთვის აეკ-ის კარში პენალტი დაინიშნა. საჯარიმო მანვე შეასრულა, მაგრამ ვერ გაიტანა. თუმცა, ვიდეორეფერიზე გამეორებისას გამოჩნდა, რომ მეტოქის მოთამაშეები საჯარიმოში ნაადრევად შევარდნენ და პენალტი ხელმეორედ დაინიშნა, რომელიც მარკინიოსმა ზუსტად შეასრულა.
გადამწყვეტი როლი ლაშა დვალმა ითამაშა, როპმელმაც 54-ე წუთზე საჯარიმოს შესრულების შემდეგ მცველს აჯობა, ზუსტი თავური დარტყმით „აპოელს“ გამარჯვება მოუტანა და საჩემპიონო შანსი შეუნარჩუნა.
„აპოელი“ 68 ქულით მე-2 ადგილზეა და სამი ქულით ჩამორჩება „არისს“.
GIPHY App Key not set. Please check settings