ხანგრძლივი პაუზის შემდეგ იტალიური ფეხბურთის ელიტაში დაბრუნებული „კრემონეზე“ ქართველი ფეხბურთელით არის დაინტერესებული. ბევრი იტალიური გამოცემა (sampnews24.com; tuttomercatoweb.com; Sportitalia და სხვები) თუ ცალკეული ჟuრნალისტები (მაგ: ჯანლუიჯი ლონგარი) წერენ, რომ „კრემონეზე“ აპირებს დაცვა ავსტრიული „ვოლფსბერგერის“ მცველით ლუკა ლოჩოშვილით გააძლიეროს. იტალიელებმა წინადადება უკვე გაამზადეს, ავსტრიელებმა კი თანხა დაასახელეს – 2 მლნ ევრო.
ლოჩოშვილს „ვოლფსბერგერთან“ კონტრაქტი 2023 წელს ეწურება.
შეგახსენებთ, რომ ლოჩოშვილისადმი იტალიური გუნდების ინტერესზე ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, ოღონდ მაშინ სერია ა-ს 4 გუნდი ითქვა – „ვერონა“, „სამპდორია“, „ტორინო“ და „უდინეზე“. დაწერეს ისიც, რომ „ვოლფსბერგერის“ „მილანთან“ საკონტროლო მატჩს იტალიური გუნდების წარმომადგენლები სწორედ ქართველის სანახავად დაესწრნენ.
იტალიური კლუბები ლოჩოშვილის დასაკვირვებლად ჩავიდნენ: ლუკა მილანთან განადგურდა
რა გუნდია „კრემონეზე“?
გასული საუკუნის 90-იან წლებში ეს გუნდი სერია ა-ს ბინადარი იყო, მაგრამ მერე გავარდა და საქმეც ვეღარ წაუვიდა კარგად. „კრემონეზეს“ სერია C-შიც კი მოუწია თამაში. ისე კი უძველესი კლუბია, 1903 წლის მარტში დაარსდა და ერთ წელიწადში 120 წელი უსრულდება. გუნდს მეტსახელად და შემოკლებით „კრემოს“ ეძახიან. ასევე „ვეფხვებს“ და „ვიოლინოებს“ (ტრადიციულ ვიოლინოებს სწორედ ამ ქალაქში ამზადებენ).
„კრემონეზე“ 20-ათასიან „სტადიო ჯოვანი ზინიზე“ თამაშობს.
გუნდში საკმაოდ არიან მცველები, ძირითადად იტალიელები: ალესანდრო ფიორდალიზო, ემანუელე ვალერი, ლუკა რავანელი, მატეო ბიანჩეტი, პაოლო ჩილიონე, ჯაკომო კვალიატა, ლეონარდო სერნიცოლა, ასევე ლეგიონერები – რუმინელი ვლად ჩირიჩეში (რუმინეთის ნაკრების კაპიტანი), თურქი გენკ ოზკაჩარი, სენეგალელი მაისა ნდიაიე.
სხვადასხვა დროს „კრემონეზეს“ ღირსება ცნობილ ფეხბურთელებს დაუცავთ, მათ შორის არიან ანტონიო კაბრინი, ენრიკო კიეზა, ჯანლუკა ვიალი, ჯუზეპე ფავალი, ვლადისლავ ჟმუდა, ანდერს ლიმპარი და სხვები.
გუნდის მწვრთნელია 52 წლის მასიმილიანო ალვინი.
GIPHY App Key not set. Please check settings