Crystalbet ეროვნულ ლიგაში 24-ე ტურის შეხვედრები გაიმართა და საკმაოდ უხვგოლიანი მატჩებიც ვიხილეთ. 5 შეხვედრაში 20 გოლი გავიდა.
24-ე ტური
სამგურალი – სამტრედია 4:0
დინამო ბათუმი – ლოკომოტივი 7:3
საბურთალო – თელავი 2:1
ტორპედო – შუქურა 2:1
დინამო თბილისი – დილა 0:0
ტური წყალტუბოში 26 მაისის სახელობის სტადიონზე გაიხსნა. წყალტუბოს”სამგურალი” “სამტრედიას” დაუპირისპირდა და 4:0 გაანადგურა. მატჩის მიმდინარეობა წყალტუბოელთა ასეთ დიდ უპირატესობას არ მოასწავებდა, მაგრამ მასპინძლებმა საკუთარი მომენტები მაქსიმალურად გამოიყენეს. “სამგურალმა” 4-ჯერ დაარტყა ზუსტად კარის ჩარჩოში და 4-ვე გაიტანა. “სამგურალიდან” გოლები სერგო კუხიანიძემ (2), ალექსანდრე ვერულიძემ და პაპუნა ფონიავამ გაიტანეს. ამ გამარჯვებით “სამგურალი” ლიდერებს მიუახლოვდა. “სამტრედიას” კი, მხოლოდ სასწაულიღა გადაარჩენს.
საინტერესო მატჩი გაიმართა ქუთაისში. მოფერიანებულმა “ტორპედომ'” ზედიზედ მეორე გამარჯვება მოიპოვა. ქუთათურებმა ანგარიში სტარტზევე გახსნეს. თავი მეჰდი ბოუკასმა გამოიჩინა. “ტორპედო” ბევრს უტევდა, მაგრამ ვერ იტანდა. “შუქურასგან” წონასწორობა ჯეფერსონ ჯერალდომ აღადგინა.მან საჯარიმო დარტყმა ბრწყინვალედ შეასრულა და ცხრიანში ჩაუსვა როინ კვასხვაძეს. “ტორპედომ” ბოლოს მაინც მოიგო. რეკიშის ბრწყინვალე პასით გადამწყვეტი გოლი თორნიკე ახვლედიანმა გაიტანა.
ბათუმის “დინამომ” საკუთარ კედლებში თბილისის “ლოკომოტივი” 7:3 დაამარცხა. სამწუხაროა, რომ სანახაობრივ მატჩს პანდემიის გამო მოქმედი შეზღუდვების გამო ქომაგი არ ესწრებოდა. პირველ ტაიმში მხოლოდ 1 გოლი გავიდა, თუმცა შესვენების შემდეგ ერთბაშად 9 გოლი ვიხილეთ.
საინტერესოა, რომ ”დინამოს” მხრიდან 4 გოლი ცვლილებაზე შესულმა ფეხბურთელებმა გაიტანეს: გიორგი ნავალოვსკი, გიორგი ფანცულაია (2), თორნიკე გაფრინდაშვილი. 24 ტურში ბათუმის ”დინამომ” 50 ქულა მოაგროვა, გათამაშების ლიდერია და მეორეადგილოსან თბილისის ”დინამოს” 5 ქულით უსწრებს.
კახა ცხადაძის გაწვრთნილმა თბილისის “დინამომ” შინ გორის “დილასთან” ფრედ 0:0 ითამაშა. ასე რომ, ჩემპიონმა ბოლო 4 მატჩიდან მხოლოდ 1 მოიგო, 2 შეხვედრაში დამარცხდა და ერთ მატჩში ქულა მოიპოვა.
“საბურთალოსა” და “თელავის” მატჩში დრამატული ბოლო წუთები ვიხილეთ: “თელავი”, რომელმაც წინა ტურში თბილისის “დინამო” დამარცხება შეძლო, თემურ ჩოგაძის გოლით 76-ე წუთზე წინ გავიდა, მაგრამ ხვიჩა შუბითიძის შეგირდებმა თამაშის შეტრიალება მოახერხეს: ერთ წუთში ანგარიში გიორგი გოჩოლეიშვილმა გაათანაბრა, 93-ე წუთზე კი “საბურთალოს” სამი ქულა ახალმა ფეხბურთელმა, სიმონ სეფერინგსმა მოუტანა. გერმანელი ნახევარმცველი თამაშში 70-ე წუთიდან ჩაერთო და ეროვნულ ლიგაში თავის სადებიუტო მატჩში სადებიუტო გოლის გატანაც შეძლო – თანაც გამარჯვების გოლის, ბოლო წამებზე.
“საბურთალოსა” და “დილას” ანგარიშზე 39-39 ქულაა, თბილისის “ლოკომოტივი” კი 36 ქულით მე-5 პოზიციაზეა.
GIPHY App Key not set. Please check settings