საქართველოს ნაკრებისა და ბელგიური “გენტის” ფეხბურთელმა გიორგი ჩაკვეტაძემ, რომელიც ამჯერად თბილისში იმყოფება და თბილისის “დინამოს” ბაზაზე ვარჯიშობს ტელეკომპანია “იმედთან” ისაუბრა. ჩაკვე აღნიშნავს, რომ ტრავმა სრულად მოირჩინა და მომავალ სეზონს ოპტიმალურ ფორმაში ხვდება.
“ჩემი აღდგენითი პროცესი კარგად მიმდინარეობს. “დინამოს” ბაზაზე ბელგიელ მწვრთნელთან ერთად ინდივიდუალურად ვვარჯიშობ, რათა მომავალ სეზონს კარგ სათამაშო კონდიციებში შევხვდე. თბილისში 12 ივნისამდე ვიქნები. შემდეგ უკვე ბელგიაში გავემგზავრები და გუნდის საწვრთნელ პროცესში მივიღებ მონაწილეობას.
“გენტთან” კონტრაქტი კიდევ 2 წელი მაკავშირებს და ჯერ არ ვიცი რამდენი ხანი დავრჩები. მთავარია ფორმაში ჩავდგე და თამაში დავიწყო.
როდესაც ტრავმა მივიღე, პირდაპირ მერაბ ვარძუკაშვილს დავუკავშირდი. მან თავიდანვე მითხრა, რომ ოპერაცია საჭირო იყო. “გენტში” ჩემმა ექიმებმა და პრეზიდენტმა სურათი სხვადასხვა ექიმთან გააგზავნეს. მათი პასუხი იყო, რომ შესაძლოა, მდგომარეობიდან ვარჯიშითაც გამოვსულიყავი. მსგავსი პრობლემა ერთი ფეხბურთელსაც ჰქონდა, მას კი სწორედ ვარჯიშების შედეგად, ოპერაცია აღარ დასჭირდა. ასე იყო ჩემ შემთხვევაში, მეც ვფიქრობ, რომ ცოტა დაგვაგვიანდა, მაგრამ ვცადეთ და არ გამოვიდა”, – თქვა გიორგი ჩაკვეტაძემ.
GIPHY App Key not set. Please check settings