როგორც იცით, გუშინ “ლენოვო ტენერიფეს” ქართველ კალათბურთელ გიორგი შერმადინს რუსეთში არ უშვებდნენ. მას ღამის გათენება ნიჟნი ნოვგოროდის აეროპორტში მოუწია. მისი გუნდი საკალათბურთ ჩემპიონთა ლიგის დასკვნითი ეტაპის მატჩებისთვის ემზადება.
საბოლოოდ, როგორც გაირკვა “შერმინატორს” რუსეთის ვიზა არ ჰქონდა და ამის გამო შეექმნა პრობლემები, თუმცა საქმეში Fiba ჩაერია და ყველაფერი მოგვარდა. ახლა გიორგი გუნდთან ერთადაა.
გიორგი შერმადინი რუსეთში არ შეუშვეს და ღამე აეროპორტში გაათენა
ამ საკითხთან დაკავშირებით, საქართველოს ნაკრების ვიცე-კაპიტანმა პირველი არხის სპორტულ გადაცემაში ისაუბრა.
“უკვე სასტუმროში ვარ. ამ საღამოს გვქონდა ფოტოსესია, შემდეგ მეტოქის მატჩების ვიდეოგანხილვა და ვახშმის შემდეგ ოთახში ამოვედი. დავისვენებ, ხვალ გუნდთან ერთად ვივარჯიშებ და ვიმედოვნებ, ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში “სტრასბურგთან” ყველა კარგად ვითამაშებთ.
ესპანეთიდან რომ გამოვემგზავრე, რუსეთის ვიზა არ მქონდა. ნიჟნი ნოვგოროდიდან ჩვენს მენეჯერს მოსწერეს, რომ მე, სერბ და მონტენეგროელ კალათბურთელებს ვიზა არ გვჭირდებოდა. ვუთხარი, სხვების არ ვიცი, მაგრამ მე ვიზა მჭირდება-მეთქი. მიპასუხეს, რომ არაფერი იყო სანერვიულო, გვითხრეს, ვიზა არ უნდათო. მეც ვიფიქრე, რადგან საქმე ჩემპიონთა ლიგის ფინალურ მატჩებს ეხება, ალბათ, პრობლემა არ შემექმნება-მეთქი.
საზღვარზე სამივე გაუშვეს. ჩემს პასპორტში კი ვიზას დაუწყეს ძებნა. ავუხსენი სიტუაცია, მაგრამ კინაღამ უკან დამაბრუნეს. ბოლოს მითხრეს, ღამე აქ უნდა გაათენო, ახლა საზღვარზე ვერ გაგიშვებთ, იმედია, შენი პრობლემა დილით მოგვარდებაო. დილით კი არა, მეორე საღამომდე ვერ მოგვარდა. ძალიან დამღალეს, მაგრამ დავისვენებ. ვიმედოვნებ, პირველ მატჩს მოვიგებთ და ასე მივალთ ჩემპიონობამდე”, – თქვა გიორგი შერმადინმა
“ტენერიფე” 6 მაისს, ფრანგულ “სტრასბურგს” დაუპირისპირდება და გამარჯვების შემთხვევაში, მისი მეტოქე “ჰაპოელ ჰოლონსა” და “ბურგოსს” შორის უკეთესი იქნება.
GIPHY App Key not set. Please check settings