in ,

გიორგი ქვილითაია: მჯერა სეზონს ტიტულით დავასრულებთ – როგორც ქომაგებს აქვთ ჩვენი იმედი, ისე გვაქვს ჩვენ მათი

საქართველოს ნაკრებისა და კვიპროსული “აპოელის” თავდამსხმელი გიორგი ქვილითაია ბოლო პერიოდში ბრწყინვალე ფორმაში იყო, ფაქტობრივად, მოედანს უგოლოდ არ ტოვებდა და თავისი გუნდის ერთ-ერთ ლიდერადაც იქცა, მაგრამ ერთ-ერთ მატჩში ტრავმა მიიღო და მოედანი საკაცით დატოვა.

საბედნიეროდ, ტრავმა არცთუ სერიოზული აღმოჩნდა და 28 წლის ქართველი თავდამსხმელი იმაზე ადრე შეძლებს მოედანზე დაბრუნებას, ვიდრე ელოდნენ. გიორგი “აპოელს” საჩემპიონო ზონის ბოლო მატჩებშიც დაეხმარება.

Sport4me.ge გიორგი ქვილითაიას კვიპროსში დაუკავშირდა და მასთან ინტერვიუ ჩაწერა.

გიორგი, უპირველეს ყოვლისა, როგორ მიდის სარეაბილიტაციო პროცესი და როდის შეძლებ მოედანზე დაბრუნებას?

სარეაბილიტაციო პროცესი კარგად მიმდინარეობს. ძალიან მიხარია, რომ იმაზე ადრე შევძლებ მოედანზე დაბრუნებას, ვიდრე ეს სავარაუდო იყო. 6 კვირას ამბობდნენ, მაგრამ უდიდესი ალბათობით 4 კვირა საკმარისი იქნება და მაისის დასაწყისში წესით შევძლებ თამაშს.

ტრავმას სანამ მიიღებდი, კარგ ფორმაში იყავი და არაერთი მნიშვნელოვანი გოლიც გაიტანე. რამდენად კმაყოფილი ხარ ამ სეზონში საკუთარი თამაშით და რამდენად რთული იქნება ამ ტრავმის შემდეგ ფორმის აღდგენა?

პირველი სეზონისთვის მიმაჩნია, რომ საკმაოდ კარგი მატჩები მქონდა. გუნდიც კარგ ფორმაშია და თავდამსხმელისთვის ამ დროს გაცილებით იოლია თამაში. გუნდის კარგ თამაშებს ჩემი კარგი კონდიციებიც დაემთხვა. ადაპტაციამ კარგად ჩაიარა და ახალ გუნდში პირველი სეზონისთვის ვფიქრობ კარგი შედეგი მაქვს. ჯერ სეზონის შეფასებისგან თავს შევიკავებ, რადგან არ დასრულებულა. ჩემპიონობის შანსი გვაქვს და მჯერა ამ სეზონს ტიტულით დავასრულებთ და ბოლო მატჩებში გუნდს მეც დავეხმარები.

“აპოელი” ჩემპიონობისთვის იბრძვის. გუნდი მეორე ადგილზეა და ლიდერ “აპოლონს” მხოლოდ 1 ქულით ჩამორჩება. საჩემპიონო შანსებზე რას იტყვი?

როგორც თქვი, “აპოლონთან” ჩამორჩენა მხოლოდ 1 ქულაა, ჩემპიონატის დასრულებამდე კი 4 ტურია დარჩენილი, მით უმეტეს, ერთი მატჩი უშუალოდ “აპოლონის” წინააღმდეგ გვიწევს. თან ბოლო მატჩებში “აპოლონი” ბევრ ქულებს კარგავს, მოკლედ, ჩემპიონობის შანსები 50/50-ზეა.

ყველა სულმოუთქმენლად ველით ივნისსს და ერთა ლიგას, რომელზეც საქართველოს ნაკრები C დივიზიონში იასპარეზებს. როგორ შეაფასებ ჩვენს მეტოქეებს?

თითოეული ფეხბურთელი, გულშემატკივარი მართლაც სულმოუთქმენლად ველით ერთა ლიგას. ეს ტურნირი შანსია, რადგან დაახლოებით ერთი და იმავე დონის გუნდები ერთად ხვდებიან ჯგუფებში და შანსებიც მეტ-ნაკლებად გათანაბრებულია. ჩვენ ჯგუფს რაც შეეხება, ნამდვილად არ არის ადვილი ჯგუფი. ჩრდ მაკედონია და ბულგარეთი ჩვენი დონის გუნდები არიან და მათთან სერიოზული ბრძოლები მოგვიწევს. ალბათ, გიბრალტარი მაინც აუტსაიდერი იქნება.

ვილი სანიოლის შესახებ რას იტყვი და რას ეტყოდი ქართველ გულშემატკივარს?

სანიოლმა საქართველოს ნაკრებში ძალიან ბევრი მიმართულებით შეცვალა მიდგომა. არ ერიდება შემადგენლობის როტაციას და მის დროს ეროვნულ გუნდში ბევრი ახალი სახე გამოჩნდა, თან საკმაოდ წარმატებითაც. ყველა პოზიციაზე მის დროს კონკურენცია მეტად გაიზარდა და ეს ძალიან მნიშვნელოვანია.
ქართველ გულშემატკივრებს ვეტყოდი, რომ როგორც მათ აქვთ ჩვენი იმედი, ისე გვაქვს ჩვენ მათი იმედი და ერთად ყველაფერს შევძლებთ.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

გადაწყდაო: ჰაალანდი სიტიში მიდის – ხელფასი ნახეთ

ქართულმა ფრენჩაიზმა შესაძლოა კიდევ ერთ ტურნირზე ითამაშოს