in

გიორგი ათაბეგაშვილი: ქართველ ხალხთან ვალში ვართ – ტოკიოდან მინიმუმ ერთ ოქროს ჩამოვიტანთ

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები ორი დიდი ტურნირის: მსოფლიო ჩემპიონატისა და ოლიმპიური თამაშებისთვის ემზადება. ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატი უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში 6-13 ივნისს გაიმართება.

უკვე ოფიციალურად დადასტურდა, რომ მსოფლიო ჩემპიონატზე ვერ იასპარეზებს მოქმედი მსოფლიო ჩემპიონი ლუხუმ ჩხვიმიანი. მას კორონავირუსი დაუდასტურდა. ჩხვიმიანის ნაცვლად, მსოფლიოზე თემურ ნოზაძე წავა. მსოფლიო ჩემპიონატზე იასპარეზებს მოქმედი ევროპის ჩემპიონი ტატო გრიგალაშვილი.

მოახლოებულ მსოფლიოს ჩემპიონატზე, ოლიმპიურ თამაშებსა და სხვა საინტერესო თემებზე სასაუბროდ Sport4me.ge საქართველოს ძიუდოს ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტს გიორგი ათაბეგაშვილს დაუკავშირდა და მასთან ექსკლუზიური ინტერვიუ ჩაწერა.

სამზადისი მსოფლიო ჩემპიონატისთვის

ამჯერად საქართველოს ნაკრები ყვარელში იმყოფება შეკრებაზე და სრული დატვირთვით ვვარჯიშობთ მოახლოვებული ტურნირისთვის. გრიგალაშვილს მცირე ტრავმა ჰქონდა, მაგრამ ახლა ტატო კარგ ფორმაშია, სრული დატვირთვით ემზადება ტურნირისთვის. სამწუხაროდ, ლუხუმ ჩხვიმიანს და ილია სულამანიძეს კორონავირუსი დაუდასტურდათ და ამიტომ შემადგენლობაში ცვლილებების განხორციელება მოგვიწია. ლუხუმი ტიტულს ვეღარ დაიცავს, მაგრამ ოლიმპიური თამაშებისთვის ორმაგად მოტივირებული იქნება და იქ შეეცდება თავისი სათქმელის თქმას.

ლაშა ბექაური და ბექა ღვინიაშვილი

საქართველოს ნაკრებში დიდი კონკურენციაა ყველა წონაში და ეს გუნდის განვითარებისთვის, ზრდისთვის მნიშვნელოვანია. ძლიერი კონკურენციის გარეშე ნაკრები ვერ გაიზრდება. ასეა, 90 კგ-შიც, მაგრამ მწვრთნელთა მიერ თავიდანვე გაცხადებული იყო, რომ ოლიმპიადისთვის ევროპის ჩემპიონატი იყო გადამწყვეტი ტურნირი და იქ უკეთესი შედეგის მქონე სპორტსმენი გაემგზავრებოდა ტოკიოში. ლაშამ ბექას ფინალი მოუგო და ევროპის ჩემპიონი გახდა. ამ მსოფლიოზე ლაშა დაისვენებს და ტოკიოსთვის უფრო კარგად მოემზადება. ბექა ღვინიაშვილს კი, მსოფლიო ჩემპიონატზე მოუწევს თავისი მაღალი კლასის დამტკიცება.

ოლიმპიური თამაშები

წინა ოლიმპიადაზე ქართველი ძიუდოისტები ოლიმპიურ ოქროს ვერ შეწვდნენ და რიოდან უმაღლესი სინჯის მედლის გარეშე ჩამოვედით. ასე რომ, ქართველ ხალხთან ვალში ვართ და შევეცდებით ტოკიოში ეს გამოვასწოროთ. ქართველ ხალხს ვპირდებით, რომ იაპონიიდან მინიმუმ ერთ ოქროს მედალს ჩამოვიტანთ.

დიდი ტურნირის მასპინძლობა

2021 წელს საქართველომ პირველად უმასპინძლა ისეთ დიდ საერთაშორისო ტურნირს, როგორიც გრანდ სლემია. აქამდე, წარმატებით ვატარებით გრანპრის. ჩვენ გვაქვს საფუძვლიანი ამბიცია, რომ მსოფლიოს ან ევროპის ჩემპიონატს ვუმასპინძლოთ, მაგრამ ქვეყანაში არაა შესაბამისი დარბაზი, რომელშიც მოხერხდება 4 ტატამის გაშლა. 4 ტატამი ეს არის საერთაშორისო ძიუდოს ფედერაციის მოთხოვნა მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატზე. სპორტის სასახლეში ეს შეუძლებელია და ველოდებით ახალი დარბაზის აშენებას, რის შემდეგაც წარვადგენთ საქართველოს კანდიდატურას მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატის სამასპინძლოდ.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

რონალდო თურქულს სწავლობსო…

ქართული გუნდების სავარაუდო მეტოქეები კონფერენს ლიგაზე