in , ,

გაიცანით ვიქტორ ჰიუგო: ჩემი სახელი ძალიან მომწონს, მაგრამ მას ფრანგ მწერალთან არანაირი კავშირი არ აქვს – საქართველო ძალიან ლამაზია და მსურს აქ წარმატებული ვიყო

საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატში სხვადასხვა დროს არაერთ ლეგიონერს უთამაშია. რამდენიმემ თავი კარგად დაგვამახსოვრა და საქართველოდან წასვლის შემდეგ, წარმატებული საფეხბურთო კარიერაც ჰქონდათ. მაგალითად, ბრაზილიელი ანდერსონ აკინო, რომელაც რუსთავის “მეტალურგის” შემადგენლობაში ბრწყინვალე მატჩები ჩაატარა. გაბონელი დიდიე ოვონო, რომელიც თბილისის “დინამოდან” წასვლის შემდეგ ფრანგული “ლილის” ღირსებას იცავდა და გაბონის ნაკრების ძირითადი მეკარეც გახლდათ. ჩისკო მუნიოსზე საუბარი შორს წაგვიყვანს. იყვნენ ისეთი ლეგიონერებიც, რომლებიც საერთოდ რომ არ ყოფილიყვნენ, არც მაგით დაშავდებოდა რაიმე.

ამჯერად, ჩვენი ყურადღება საფეხბურთო კლუბ ჩოხატაურის “ბახმაროს” ბრაზილიელმა ლეგიონერმა მიიპყრო. ჩოხატაურში ვიქტორ ჰიუგო, დიახ ვიქტორ ჰიუგო თამაშობს და გუშინ ლიგა 3-ის მატჩში “სპაერის” წინააღმდეგ ითამაშა კიდეც.

This image has an empty alt attribute; its file name is 242188057_215660693932240_462814702227012583_n.jpg

ვიქტორ ჰიუგო დუერტე ბრაზილიელია. მან ფეხბურთის თამაში რიო დე ჟანეიროს ქუჩებში დაიწყო და თავდაპირველად ფუტსალით იყო დაკავებული. იგი ამპლუით თავდამსხმელია, მაგრამ ნახევარმცველად თამაშიც შეუძლია. 28 წლის ჰიუგო სხვადასხვა დროს ბრაზილიურ “ამერიკაში”, პორტუგალიურ “ვიეირაში”, აშშ-ს “ლარედოში”, ბოლივიურ “სუკრეს უნივერსიტეტში”, ბოლივიურ “ფანსეკაში”, “ინდუსტრიალში”, ლიეტუვურ “დაინავაში”, ბოლივიურ “პეტროლეროში”, ლიეტუვურ “კუპისკისში” და ბრაზილიურ “ატლეტიკო რორაიმაში” თამაშობდა.

როგორც ბრაზილიელი ჩვენთან საუბარში აღნიშნავს, მას ხშირად ეკითხებიან მისი სახელის ფრანგ მწერალთან მსგავსებაზე, მაგრამ მისი სახელი დიდ მწერალს არანაირად არ უკავშირდება. ვიქტორ ჰიუგო ბრაზილიაში თურმე სხვებსაც ჰქვიათ, ხოლო ჩვენს გმირს სახელი ოჯახის დიდი ხნის მეგობრის საპატივსაცემოდ დაარქვეს.

Sport4me.ge ვიქტორ ჰიუგოს ჩოხატაურში დაუკავშირდა და მასთან ექსკლუზიური ინტერვიუ ჩაწერა.

ვიქტორ, სულ თავიდან დავიწყოთ საუბარი. მოგვიყევით თქვენი ბავშვობის შესახებ და რატომ გადაწყვიტეთ ფეხბურთელობა?

მე ბრაზილიაში, რიო დე ჟანეიროში დავიბადე. იქ, სადაც ფეხბურთით ცხოვრობენ და ეს სპორტი რელიგიის დონემდეა აყვანილი. ჩემი ფეხბურთისადმი სიყვარულიც დაბადებიდანვე დაიწყო. პატარაობიდანვე ფეხბურთი ჩემი საყვარელი თამაში იყო. სხვა პროფესიაზე არც მიფიქრია. თავიდანვე სურვილი მქონდა პროფესიონალი ფეხბურთელი გამოვსულიყავი.

მოგვიყევით, ფეხბურთში თქვენი პირველი ნაბიჯების შესახებ.

ფეხბურთში ჩემი პირველი ნაბიჯები რიოში დაიწყო, როდესაც ქუჩაში ფუტსალს ვთამაშობდი. შემდეგ საფეხბურთო აკადემიაში შევედი, სადაც პროფესიონალ მოთამაშედ ჩამოვყალიბდი. ამ აკადემიის გუნდში ორი წელი გავატარე და აშშ-ში წავედი. ასევე, ჩემს საფეხბურთო კარიერაში იყო ბოლივიური და ლიეტუვური პერიოდები. ახლა კი, ჩოხატაურის “ბახმაროში” ვთამაშობ.

საინტერესოა, “ბახმაროს” შესახებ საიდან გაიგეთ და ჩოხატაურში როგორ აღმოჩნდით?

ჩოხატაურში ჩემი ქართველი საფეხბურთო მენეჯერის გეგი კიკაბიძის მეშვეობით აღმოვჩნდი. გეგის დამსახურებაა ჩემი აქ ყოფნა. საქართველოში სხვა კლუბებთანაც გვქონდა შეხვედრები, მაგრამ საქართველოში ვარჯიშის დაწყებისას ტრავმა მივიღე. როდესაც ვარჯიში განვაახლე, განვაგრძეთ კლუბებთან მოლაპარაკებები და საბოლოოდ “ბახმაროში” აღმოვჩნდი.

ამ დროის განმავლობაში გუნდს როგორ შეეწყვე?

ძალიან მეგობრული ბიჭები დამხვდნენ. მათთან ადაპტაცია არ გამჭირვებია. მართალია, სატურნირო ცხრილში არცთუ სახარბიელო მდგომარეობა გვაქვს, მაგრამ იმედია თანდათან ყველაფერი გამოსწორდება.

საქართველოს შესახებ რას იტყვი. როგორ მოგწონს ჩვენი ქვეყანა და განსაკუთრებით ჩოხატაური?

საქართველოს შესახებ ჯერ ბევრი არაფერი ვიცი. სანამ ჩოხატაურში გავემგზავრებოდი, ორი თვე თბილისში ვიყავი. ძალიან ლამაზი და ისტორიული ქალაქია, ბევრი კულტურული ძეგლით. ჩოხატაური კი პატარა სოფელია, მაგრამ აქ საოცარი ბუნებაა. ასევე, ძალიან თბილი და მოსიყვარულე ხალხია.
ქართული სამზარეულოც ძალიან მომწონს და ქართულ ღვინოსაც არაფერი შეედრება.

ცოტა ქართული ხომ არ ისწავლეთ?

ცოტ-ცოტა სიტყვები ვისწავლე ელემენტარული კომუნიკაციისთვის. ძალიან რთული ენაა, მაგრამ დიდი სურვილი მაქვს ქართულ ენას კარგად დავეუფლო და იმედი მაქვს ამაში ჩემი ქართველი მეგობრები დამეხმარებიან.

სახელზეც უნდა გკითხოთ. ვიქტორ ჰიუგო – გენიალური ფრანგი მწერალი იყო და თქვენს სახელს ამ მწერალათან რაიმე კავშირი ხომ არ აქვს?

ჩემს სახელზე ყველა ამას მეკითხება. ძალიან მომწონს და მიყვარს ჩემი სახელი, მაგრამ ამას ფრანგ მწერალთან არაფერი არ აკავშირებს. სახელი ჩემი ოჯახის დიდი მეგობრის საპატივსაცემოდ მქვია.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ნიკოლოზ ბასილაშვილი მეცის ტურნირზე ითამაშებს

ავთანდილ ხურციძე: დიდი ბოდიში და მადლობა ამერიკას – ამ 5 წელიწადში დიდი გამოცდილება მივიღე