in ,

ბუდუ ზივზივაძე: უიპეშტში საკუთარი თავი ვიპოვე – მჯერა, ნაკრებში მალე ოფიციალურ მატჩშიც გავიტან

საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი ბუდუ ზივზივაძე შესანიშნავ ფორმაშია. ბუდუ “ფეჰერვარის” კუთვნილებაა, მაგრამ სეზონის ბოლომდე “უიპეშტშია” განათხოვრებული. ბუდუმ “უიპეშტში” 7 მატჩი ჩაატარა და 7 გოლი გაიტანა. ტურის სიმბოლურებშიც ხვდება და გულშემატკივრებმა ჩემპიონატის მარტის თვის საუკეთესო ფეხბურთელადაც დაასახელეს.

ქართველმა ფორვარდმა თავისი ბრწყინვალე სათამაშო ფორმა მარტის სანაკრებო მატჩებისას დაამტკიცა და ბოსნია-ჰერცოგოვინასთან შეხვედრაში ნაკრების მაისურით სადებიუტო გოლიც გაიტანა.

ბუდუს კარგი თამაშით აღფრთოვანებულმა “უიპეშტის” გულშემატკივრებმა სტადიონზე ქართველ ფეხბურთელს უმღერეს კიდეც.

Sport4me.ge ბუდუ ზივზივაძეს უნგრეთში დაუკავშირდა და მასთან ექსკლუზიური ინტერვიუ ჩაწერა.

ბუდუ, უპირველეს ყოვლისა, გილოცავთ თვის საუკეთესო ფეხბურთელის წოდების მოპოვებას. “უიპეშტში” საოცარ ფორმაში შეხვედით და გოლი გოლზე გაგაქვთ. როგორ ახსნით, რომ ასე უცებ გუნდის ლიდერი გახდით და ასე პატარა დროში ასე მაგრად შეეწყვეთ გუნდს?

მადლობა მოლოცვისთვის. ვფიქრობ, სწრაფ ადაპტაციაში ის დამეხმარა, რომ თითქმის ყველა ამჟამინდელ თანაგუნდელი მიცნობდა და უცხო არ ვიყავი მათთვის, რადგან 3 წელია უნგრეთში ვთამაშობ, ძალიან სწრაფად შევედი ურთიერთობაში ბიჭებთან და ამანაც იქონია გავლენა. რა თქმა უნდა, გიორგი ბერიძის ფაქტორიც გამოსაყოფი. ის რომ არა, ასე ბოლომდე ვერ მოვახერხებდი გახსნას.

თქვენ რომ “უიპეშტში” მოხვდით, გუნდი გასავარდნ ზონაში იყო, დარჩენისთვის იბრძოდა, ახლა კი მე-5 ადგილზეა. როგორ ფიქრობთ ევროსარბიელის საგზურისთვის ბრძოლაც ხომ არ შეიძლება?

კარგი შანსი გვაქვს მე-4 ადგილზე დავასრულოთ ჩემპიონატი, თუმცა მე-3 ადგილისთვისაც შეიძლება ბრძოლა. ასევე, თასის ნახევარფინალში ვართ და იქედანაც გვაქვს ევროსარბიელზე გასვლის შანსი. პირველი მიზანი, გასავარდნი ზონიდან თავის დაღწევა, შევასრულეთ და ახლა უფრო თავისუფლად შეგვიძლია სხვა მიზნებისთვის ბრძოლა.

ბუდუ, წინა ტურში, თქვენ და გიორგიმ გაიტანეთ და “უიპეშტმა” ქართველების გოლებით მოიგო. რამდენად რეალურია ამ სეზონის შემდეგ დარჩენა თუ “ფეჰერვარში” დაბრუნდებით?

წინასწარ ვერ ვიტყვი, თუმცა სურვილი მაქვს დავრჩე, რადგან აქ საკუთარი თავი ვიპოვე. იჯარა სეზონის ბოლომდე მაქვს და დაბრუნება მომიწევს, მაგრამ თუ “უიპეშტი” მოინდომებს რომ გამომისყიდოს, ჩემი აქ დარჩენაც რეალური იქნება. სხვა უკეთესი ჩემპიონატიდან თუ იქნება შემოთავაზება, რისი დიდი იმედიც მაქვს, ასეთ წინადადებასაც განვიხილავ.

აქ უფრო გაიხსენით, ვიდრე “ფეჰერვარში”, ამას რით ახსნით?

ყოველთვის ვამბობ, რომ ფეხბურთში ნდობას დიდი როლი აქვს და აქ ამას პირველი დღიდან ვგრძნობ: ხელმძღვანელებისგან, თანაგუნდელებისგან, მწვრთნელისგან. მოედანზე თავისუფლად ვარ, ყოველგვარი ზეწოლის გარეშე. რთული პერიოდი მქონდა და ამ დროს “უიპეშტმა” დახმარების ხელი გამომიწოდა და მსურს მადლობა ჩემი კარგი თამაშით გადავუხადო.

საქართველოს ნაკრებზეც აუცილებლად უნდა გკითხოთ. სადებიუტო გოლის ემოციებზე მითხარით და როგორ ფიქრობთ ამ ნაკრებს შეუძლია ერთა ლიგაზე ქართველი გულშემატკივრის გახარება და ევროპაზე გასვლა?

პირველ გოლს რაც შეეხება, დიდი ემოციები მქონდა და ძალიან ბედნიერი ვიყავი. ალბათ, აღნიშვნის დროსაც მეტყობოდა. ვთქვი კიდეც, რომ ბავშვობის ოცნება ამიხდა. ვიმედოვნებ, ოფიციალურ თამაშშიც მალე გავიტან. ბოლო 5 მატჩში გამოჩნდა, რომ გუნდი ძალიან შეკრულია დაცვაში და როცა წინა ხაზში დაბრუნდებიან ის ფეხბურთელები, რომლებიც გვაკლდნენ, გაცილებით ძლიერი გუნდი ვიქნებით.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

500 წუთზე მეტი მშრალად შენახული კარი: მამარდაშვილის მსგავსი შედეგი 2012 წლის მერე არ ჰქონიათ

კვარაცხელიას კარგი ტექნიკა აქვს, მაგრამ ცოტას იტანს – ნაპოლის ყოფილი ფეხბურთელი