საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე გავიდა და გულშემატკივრებს ბუნებრივია საყვარელი გუნდის ქომაგობა ადგილზე, გერმანიის სტადიონებზე სურთ. ცხადია, ჩვენი თანამემამულეების მხოლოდ მცირედი ნაწილი თუ მოხვდება ტრიბუნებზე, მაგრამ ბევრია მსურველი და ცდილობს ბილეთების შეძენას. უეფას განმარტებით, საქართველოს ნაკრების თამაშებზე დასასწრები ბილეთების ნაწილი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ უნდა გაყიდოს. ამასთან დაკავშირებით სფფ-მ განცხადება გაავრცელა და აი რა აცნობა:
„უპირველესად, კიდევ ერთხელ გილოცავთ ამ ისტორიულ გამარჯვებას! როგორც იცით, ევროპის ჩემპიონატზე საქართველო ერთადერთი დებიუტანტი ქვეყანაა. ევროპის ჩემპიონატის საგზურის მოპოვების შემდეგ, უეფა ევროპის ჩემპიონატის მონაწილეებთან სამუშაო პროცესსა და სხვადასხვა საორგანიზაციო საკითხებთან დაკავშირებით მოლაპარაკებების აქტიურ ფაზაში გადავიდა.
როგორც მოგეხსენებათ, ევროპის ჩემპიონატი უეფა-ს ეგიდით ტარდება. შესაბამისად, ბილეთების რეალიზაცია მათი უშუალო ჩართულობით იმართება. ამ ეტაპზე მიმდინარეობს საბოლოო დეტალების დაზუსტება ბილეთების გაყიდვის პროცედურასთან დაკავშირებით.
ბილეთები უეფა-ს ოფიციალური ვებგვერდის საშუალებით გაიყიდება. უახლოეს დღეებში დეტალური ინფორმაციის მიღების შემდეგ, ფეხბურთის ფედერაცია სრულ ინფორმაციას მიაწვდის გულშემატკივარს საქართველოსთვის განკუთვნილი ბილეთების რეალიზაციასთან და თარიღთან დაკავშირებით.
მადლობა მხარდაჭერისთვის, კიდევ ერთხელ გილოცავთ ისტორიულ გამარჯვებას და შევხვდებით გერმანიაში“, – წერია სფფ-ის განცხადებაში.
GIPHY App Key not set. Please check settings