საქართველოს პირველი და მსოფლიო რეიტინგის მე-40 ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი 2021 წლის პირველი “დიდი სლემის” ტურნირს საწყის ეტაპზევე გამოეთიშა. ავსტრალიის ღია პირველობის პირველ შეხვედრაში ქართველი ჩოგბურთელი ამერიკელ ტომი პოლს (რეიტინგის 53-ე ნომერი) დაუპირისპირდა და სამ სეტში 6:4; 7:6; 6:4 დამარცხდა.
ნიკამ მატჩი კარგად დაიწყო და პირველივე გეიმში ბრეიქი შეასრულა, მაგრამ ამერიკელმა ნიკას მომდევნო ჩაწოდებაზევე შეძლო უკუბრეიქის გაკეთება. ანალოგიური სცენარი განმეორდა პირველი სეტის მიწურულს. ნიკამ ისევ შეძლო ბრეიქის გაკეთება, მაგრამ შემდეგ თავის მოწოდებაზე ქულაც ვერ აიღო და პირველი სეტი 4:6 წააგო.
მეორე სეტში ჩოგბურთელებმა საკუთარი ჩაწოდებები მოიგეს და საქმე ტაი-ბრეიქამდე მივიდა, რომელიც ამერიკელის გამარჯვებით დასრულდა.
მესამე სეტში კი, ყველაფერი ერთმა ბრეიქმა გადაწყვიტა, რომელიც პოლმა სეტის შუაში მოიგო და საბოლოოდ მესამე სეტში 6:4 გაიმარჯვა.
ნიკოლოზ ბასილაშვილი ერთეულთა თანრიგში ასპარეზობას გამოეთიშა, მაგრამ ის წყვილთა თანრიგშიც იასპარეზებს. ნიკას პარტნიორი გერმანელი ანდრე ბეგემანი იქნება. ქართულ-გერმანული წყვილი პირველ შეხვედრას ხუან სებასტიან კაბალისა და რობერტ ფარას წინააღმდეგ გამართავს. გეტყვით, რომ კაბალისა და ფარას წყვილი მიმდინარე ტურნირზე პირველ ნომრადაა განთესილი.
GIPHY App Key not set. Please check settings