რამდენიმე დღის წინ რუსულ მედიაში სკანდალური ინფორმაცია გავრცელდა, რომლის მიხედვითაც საქართველოს პირველი ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი 2016 წელს გარიგებულ მატჩებში იყო შემჩნეული.
აღნიშნულთან დაკავშირებით ქართველი ჩოგბურთელის უფლებადამცველმა ირმა ჭკადუამ განცხადება გაავრცელა.
ირმა ჭკადუას განცხადებას უცვლელად გთავაზობთ.
“გვსურს გამოვეხმაუროთ საქართველოს პირველი ჩოგანის, ნიკოლოზ ბასილაშვილის შესახებ უცხოურ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, გარიგებულ მატჩებთან დაკავშირებით, რომელიც მიზნად ისახავს, პირველ რიგში, საზოგადოების შეცდომაში შეყვანას და ამასთან, სპორტსმენის საქმიანი რეპუტაციის შელახვას.
აღნიშნული ინფორმაცია, რამდენიმე დღის წინ, გავრცელდა ერთ-ერთი რუსული მედია-პლატფორმიდან. სტატია მთლიანად არის დაყრდნობილი ვარაუდებზე. ის მომზადდა ცალმხრივად და ინფორმაცია არ გადამოწმებულა ნიკოლოზ ბასილაშვილთან და არც ანტიკორუფციულ ოფისში (ITIA).
რაც შეეხება ჩვენს პოზიციას, გვსურს ერთმნიშვნელოვნად განვაცხადოთ, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილს არანაირი სანქციები და დისკვალიფიკაცია არ ემუქრება. ის ამ დროისთვის იმყოფება დოჰაში ტურნირზე, რომლის გამარჯვებულიც გასულ წელს გახდა”, – წერს ირმა ჭკადუა.
GIPHY App Key not set. Please check settings