in

არ გამოვიდა: საქართველომ დონჩიჩ-სლოვენიასთან წააგო

საქართველოს ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატზე მეორე თამაში სლოვენიასთან წააგო – 67:88.
მსოფლიოს საუკეთესო კალათბურთელის მყოლე სლოვენია ბუნებრივია ფავორიტი იყო და შედეგიც ლოგიკურია. არ გამოუვიდათ ჩვენს ბიჭებს რაღაც-რაღაცეები – საკვანძო ეპიზოდებში არ ჩავარდა სამქულიანები, როდესაც ანგარიშის სხვაობა შემცირებული იყო და მერე მეტოქე ისევ გარბოდა სხვაობაში. არ გამოვიდა ფარზე თამაში და ასხლეტილი ბურთები ხშირად მეტოქეს ხელში ხვდებოდა. ბოლომდე დონჩიჩის გაჩერება ისედაც ცხადია რომ არ გამოვიდოდა. მოკლედ, მივიღეთ კარგი გამოცდილება, რაც იმედია გამოგვადგება ჯგუფში მესამე და გადამწყვეტი თამაშისას.

ვერ დავუკარგავთ ჩვენებს ბრძოლას. კალათბურთელებმა ტრადიციულად თავი არ დაზოგეს, მაგრამ ძლიერ მოწინააღმდეგესთან ყოველთვის როდი მიგდის თამაში. ეგ კი არა, საჯარიმოებიც ბევრი გავაფუჭეთ. ეტყობა, ნერვიულობა ყველაფერშია.
იღბალიც ხომ საჭიროა და ფორტუნა ჩვენსკენ იყო-თქო ვერ იტყვი. თავიდან მსაჯებიც კი სლოვენიელებისადმი გამოხატავდნენ სიმპათიას.

საწყისი ჩავარდნის შემდეგ ჩვენებმა თამაში მეოთხედის შუაწელს გამოასწორეს (როგორც კაბო ვერდესთან) და პირველი ათწუთეული ჩვენი გამარჯვებით დასრულდა. სამწუხაროდ, მეორე მეოთხედში სლოვენიამ მოახერხა გარდატეხა და კომფორტული სხვაობით გავიდა დიდ შესვენებაზე.

მესამე მეოთხედის შუასკენ კი ცხადი გახდა, რომ თამაშში გარდატეხას ვეღარ შევიტანდით. 5 ქულამდე კი ჩამოვწიეთ ჩამორჩენა, მაგრამ უმალ ვაძლევდით მეტოქეს ისევ დაწინაურების საშუალებას. ლუკა დონჩიჩიც ბევრს თამაშობდა, თითქმის არ დაუსვენია და თავის საქმესაც აკეთებდა. ლიდერის ანგარიშზე 34 ქულა მოგროვდა (პლუს 10 მოხსნა და 6 ასისტი).
სლოვენიამ ამ მოგებით ჯგუფში პირველი ადგილი გაინაღდა.

საქართველო – სლოვენია 67:88
17:16; 16:29; 17:18; 17:25

მამუკელაშვილი – 21 ქულა, 7 მოხსნა, 1 პასი, 33:27 წთ
ჯინჭარაძე – 12 ქულა, 1 პასი, 19:26 წთ
შენგელია – 9 ქულა, 4 მოხსნა, 4 პასი, 26:41 წთ
ბითაძე – 7 ქულა, 6 მოხსნა, 3 პასი, 24:51 წთ
მაკფადენი – 5 ქულა, 1 მოხსნა, 3 პასი, 34:54 წთ
ცინცაძე – 5 ქულა, 2 მოხსნა, 7 პასი, 18:14 წთ
შერმადინი – 4 ქულა, 6 მოხსნა, 1 პასი, 12:11 წთ
ანდრონიკაშვილი – 2 ქულა, 1 მოხსნა, 15:44 წთ
სანაძე – 2 ქულა, 14:32 წთ

ახლა საქართველოს გადამწყვეტი თამაში ზეგ ელოდება ვენესუელასთან, რომელმაც ცოტა არ იყოს და მოულოდნელად წააგო კაბო ვერდესთან – 81:75. ისე, კაბო ვერდე გახდა ყველაზე მცირერიცხოვანი ერი, რომელმაც ისტორიული გამარჯვება მოიპოვა მსოფლიოზე.
მოკლედ, საკითხი მარტივად დგას – მოიგე და გადადი მეორე ჯგუფურ ეტაპზე. თეორიული შანსი, თანაც ძალიან კარგი რჩება წაგების შემთხვევაშიც, მაგრამ ამაზე ფიქრიც არ შეიძლება და მით უმეტეს ბეწვის ხიდზე გავლა.

ჯგუფში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ვენესუელასთან 16 ქულაზე მეტი სხვაობით არ უნდა წავაგოთ, რისი ალბათობაც ძალიან მცირეა. ოღონდ, სლოვენიამ არ უნდა წააგოს კაბო ვერდესთან. საქართველო-ვენესუელა 30 აგვისტოს გაიმართება და თბილისის დროით 12:00 საათზე დაიწყება.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

კვარაცხელია სტრატოსფერული პასით დაბრუნდა: როგორ შეაფასეს ხვიჩას დებიუტი

საქართველო მსოფლიოსთვის დაირაზმა: ბორჯღალოსნების შემადგენლობა ცნობილია